ოპოზიციონერი დეპუტატის სალომე სამადაშვილის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელიც აღწერს რეალობას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს.
„ეს ანგარიშები წლიდან წლამდე მძიმდება და 2022 წლის ანგარიში იკითხება უფრო როგორც განაჩენი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის, ვიდრე დასკვნა იმ მდგომარეობაზე, რაც ქვეყანაშია შექმნილი ადამიანის უფლებების კუთხით. ეს ძალიან მოცულობითი ანგარიში მოიცავს უამრავ პრობლემას, რომელიც დღეს ქვეყანაშია შექმნილი. მინდა, ხაზგასმით გამოვყო რამდენიმე საკითხი, რაც უკავშირდება ევროკავშირის 12-პუნქტიან მოთხოვნას და იმ მთავარი მიმართულებებით, სადაც ევროკავშირი ელოდება პროგრესს, რაც შეეხება სასამართლო რეფორმას, ანტიკორუფციულ საქმიანობას, ადამიანის უფლებების დაცვის განმტკიცებას“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
მისივე თქმით, ანგარიში ნათელს ხდის, რომ არის არათუ პროგრესი, არამედ რეგრესი, უკან არის გადადგმული არაერთი ნაბიჯი.
„ანგარიში ბევრს საუბრობს თავისუფალი მედიის უფლებების დაცვაზე და ამ თვალსაზრისით, განგაშის ზარია შემოკრული გაუარესებული მდგომარეობის თვალსაზრისით. პოლიტიზებული მართლმსაჯულება, პოლიტიკური დღის წესრიგით გამოტანილო განაჩენები სასამართლოს მიერ რიგი ადამიანების წინააღმდეგ, როგორც მაგალითად, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, ასევე „ტვ პირველის“ დამფუძნებლის ავთო წერეთლის, ნიკა გვარამიას, „ფორმულას“ შესაბამისი დამფუძნებლების წინააღმდეგ მიმდინარე საქმე, ყველა ეს საქმე არის შემადგენელი კომპონენტი იმის, რომ ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო. არსებობს პოლიტიზებული მართლმსაჯულება და რეპრესიული რეჟიმი ყველა ძალას მიმართავს, რომ მოგუდოს თავისუფალი აზრი და მედია ჩვენს ქვეყანაში. ასეთი ანგარიშის პირობებში, როდესაც ასეთი მძიმე შეფასებები კეთდება შანსი იმისი, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი მინიმალურია, თუ ხელისუფლება ძალიან სწრაფად არ გადადგამს ყველა ნაბიჯს, რომელსაც ევროკავშირი ელოდება“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.