ბახმუტის ქუჩებში უკრაინელ და რუს სამხედროებს შორის ბრძოლები გრძელდება, თუმცა რუსეთი ქალაქს არ აკონტროლებს. ამის შესახებ ქალაქის ვიცე-მერმა განაცხადა. არსებული ინფორმაციით, უკრაინული მხარე აგრძელებს დაცვის შეკავებას, თუმცა მისი შესაძლებლობები სულ უფრო მცირდება.
ქალაქი ბახმუტი, სადაც ომამდე 70-75 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, რამდენიმე თვეა ყველაზე ცხელ წერტილად რჩება უკრაინის ფრონტის მთელ ხაზზე.
იმის მიუხედავად, რომ ქალაქს სტრატეგიული დანიშნულება არ აქვს, რუსეთის სარდლობას სურს ის ნებისმიერ ფასად დაიკავოს და ამ მიმართულებით დიდი რაოდენობით ცოცხალ ძალას და ტექნიკას აგზავნის. დაჯგუფება „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი კი გამუდმებით აცხადებს, რომ ბახმუტს სულ მალე ალყაში მოაქცევენ.
BBC რადიო Today-თან ინტერვიუში ალექსანდრ მარჩენკომ აღნიშნა, რომ ქალქი ფაქტობრივად განადგურებულია.
„ ქალაქი ფაქტობრივად განადგურებულია. არც ერთი შენობა არ არის დარჩენილი. რუსები ესვრიან ყველაფერს. მათი მიზანი არ არის ქალაქის შენარჩუნება. მათი ერთადერთი მიზანია ადამიანების დახოცვა, უკრაინელი ხალხის გენოციდი“, - განაცხადა მარჩენკომ.
მისი თქმით, ბახმუტში 4, - 4,5 ათასი მცხოვრებია დარჩენილი. ისინი ცხოვრობენ თავშეფრებში, გაზის, ელექტროენერგიისა და წყლის გარეშე.