საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ანტალიაში გაეროს 2026 წლის კლიმატის ცვლილების კონფერენციის (COP31) მონაწილეებსა და მსოფლიო ლიდერებს სიტყვით მიმართა.
მიხეილ ყაველაშვილმა კლიმატის ცვლილებაზე, როგორც თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ის პირდაპირ კავშირშია საერთაშორისო უსაფრთხოებასთან, ეკონომიკურ სტაბილურობასთან, ენერგეტიკულ და სურსათის უვნებლობასთან.
„ის ემუქრება არა მხოლოდ ინფრასტრუქტურას, ეკოსისტემებს და ეკონომიკურ განვითარებას, არამედ ყველაზე მნიშვნელოვან ფასეულობას - ადამიანების სიცოცხლესა და მათ ჯანმრთელობას. საქართველო სრული პასუხისმგებლობით აცნობიერებს ამ გლობალურ გამოწვევებს. ჩვენი ქვეყანა გამოირჩევა უნიკალური ბუნებრივი ლანდშაფტითა და ბიომრავალფეროვნებით, თუმცა, ამავდროულად, მოწყვლადია კლიმატური რისკების მიმართ. კლიმატის ცვლილება უდიდეს გლობალურ საფრთხესთან ერთად, შესაძლებლობაცაა საერთაშორისო სოლიდარობის გასაძლიერებლად, ერთობლივი ძალისხმევითა და მჭიდრო კოორდინაციით უსაფრთხო მომავლის ასაშენებლად. გლობალური დათბობის 1.5 გრადუსით შეზღუდვის მიღწევის გზა თანამშრომლობასა და ურთიერთნდობას უნდა ეფუძნებოდეს“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ასევე ისაუბრა მიმდინარე გეოპოლიტიკურ პროცესებზე და ხაზი გაუსვა მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.
„საქართველო კვლავაც ურყევად უჭერს მხარს მშვიდობას, სტაბილურობასა და კონსტრუქციულ დიალოგს, როგორც რეგიონულ, ისე საერთაშორისო დონეზე. ჩვენი ხელისუფლება ადასტურებს მზაობას, მჭიდროდ ითანამშრომლოს საერთაშორისო პარტნიორებთან და თავისი წვლილი შეიტანოს ყველა იმ გლობალურ ინიციატივაში, რომელიც მიმართულია ეკოლოგიური მდგრადობისა და გარემოს გაუმჯობესებისკენ. მხოლოდ ერთობლივი, კოორდინირებული და პასუხისმგებლიანი ნაბიჯებით შევძლებთ უფრო ძლიერი საზოგადოებების, მდგრადი ეკონომიკებისა და უსაფრთხო მომავლის შენებას ჩვენი შვილებისთვის“,- აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და თურქეთის მთავრობას კონფერენციის მასპინძლობისთვის, აგრეთვე, COP31-ის ორგანიზებაში ჩართულ მხარეებს გაწეული ძალისხმევისთვის.
პრეზიდენტთან ერთად კონფერენციას დაესწრნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი.