გალის რაიონის სოფელ ფიჩორში აფხაზეთში რუსეთის "ეფ-ეს-ბეს" სასაზღვრო სამსახურის ქალაქი გაიხსნა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს. მათი ინფორმაციით ეს პირველი სამხედრო ქალაქია, რომელიც 2009 წლის აპრილში რუსეთსა და აფხაზეთს შორის ხელმოწერილი შეთანხმების შემდეგ გაიხსნა, რომელიც "აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დაცვის შესახებ ერთობლივი ღონისძიებების ჩატარებას" ეხება.
ეს სამხედრო ქალაქი ზღვის სანაპიროზე არსებულ უკაცრიელ ტერიტორიაზე აშენდა და მასში შედის ადმინისტრაციული კორპუსი, საცხოვრებელი ოცდაათბინიანი კორპუსი, რომელშიც რუსი ოკუპანტები თავიანთ ოჯახებთან ერთად იცხოვრებენ. პირველი 14 ოჯახი მათ შორის 13 ბავშვი სოფელ ფიჩორში უკვე მიმდინარე თვეს ჩავა. აფხაზური მხარე ასევე აღნიშნავს, რომ სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე ასევე დარგულია ფეიხოსა და მანდარინის ხეები.
მათივე ინფორმაციით, სამხედრო ქალაქის საზეიმო გახსნის ცერემონიალში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრმა სერგეი შამბამ, რუსეთის ე.წ. ელჩმა აფხაზეთში სემიონ გრიგორიევმა და რუსული საოკუპაციო ჯარის გენერლებმა.
აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისას აფხაზური მხარე აღნიშნავს, რომ ქალაქი ცხრა თვის განმავლობაში აშენდა. სამშენებლო სამუშაოებზე ყაბარდო-ბალყარეთიდან მოწვეული მშენებლები იყვნენ დასახლებულნი.
"სულ ორი წელი გავიდა რუსეთსა და აფხაზეთს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის შეთანხმების ხელმოწერიდან. დაახლოებით ამდენივე დროა გასული საზღვრის ერთობლივი დაცვის ხელშეკრულების გაფორმებიდან და ჩვენ ვხედავთ თუ როგორ ხორციელდება ცხოვრებაში ეს შეთანხმებები", _ განაცხადა ფიჩორში სერგეი შამბამ და აღნიშნა, რომ მომდევნო წელს კიდევ მსგავსი რამდენიმე ობიექტ გაიხსნება აფხაზეთის ტერიტორიაზე.
"ჩვენი ქვეყნის მაცხოვრებლებს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ და იგრძნონ, რომ ისინი საიმედო დაცვის ქვეშ იმყოფებიან", _ განაცხადა შამბამ.
სულ სეპარატისტულ აფხაზეთში რუსეთი კიდევ 18 ასეთი ქალაქის აგებას გეგმავს.
მასალის გამოყენების პირობები