სამწუხაროა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციები იქცა დეზინფორმაციის გავრცელების წყაროდ, რაც ძირს უთხრის ნდობას ამ რეზოლუციების მიმართ. ამიტომ, ასეთი სახის შინაარსის ჩაწერა რეზოლუციებში თავად ევროპარლამენტის პრობლემაა, რადგან რეზოლუციების მეშვეობით ყალბი ინფორმაციის გავრცელება ძირს უთხრის ევროპარლამენტის მიმართ ნდობას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტში დარეგისტრირებულ რეზოლუციებზე განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მსხვერპლები არ იმსახურებენ იმ დამოკიდებულებას, რასაც ზოგიერთი უცხოელი მხარდამჭერი იჩენს
„ვინმე თუ ცდილობს, ეს ნორმა წამოაჩინოს ვენდეტად, მას საერთოდ გაგება არ აქვს, რას ნიშნავს კანონის უზენაესობა. როცა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე ვსაუბრობთ, უნდა დავაკვირდეთ იმას, ამ საკითხში ვინ არის ჩართული – ჩართული არიან პოლიტიკოსები. პირდაპირ მცდელობაა, რომ შავს დაუძახონ თეთრი. ქართველი ხალხი არ იჯერებს, რომ შავი არის თეთრი. ხელისუფლება და საზოგადოება ამიტომ არის მყარი, რადგან ჩვენ ვიცით, რომ შავი შავია და ამის გათეთრება არც მილიონიანი კონტრაქტებით იქნება შესაძლებელი და არც სხვა რამით, რადგან მიხეილ სააკაშვილის მსხვერპლები არ იმსახურებენ იმ დამოკიდებულებას, რასაც ზოგიერთი უცხოელი მხარდამჭერი იჩენს. „ნაცმოძრაობის“ დილემა ყოველთვის იყო, რომ მისი ამომრჩეველი ყოველთვის სააკაშვილის ამომრჩეველი იყო. ამ დილემიდან ვერასოდეს გამოვლენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.