ბადრი ესებუა ქუთაისის N 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. ინფორმაციას „საქართველოს ბანკის“ ფილიალის დაყაჩაღებაში ბრალდებულის ადვოკატი იოსებ ჯანაშია ადასტურებს.
"როგორც გახდა ცნობილი, დღეს არის დაკავებული, ამჟამად ის გადაჰყავთ ქუთაისის მეორე დაწესებულებაში, სხვა ინფორმაცია არ მაქვს. როგორც მაქვს ინფორმაცია, მისი დაკავება მოხდა სოფელ ჯიხაშკარში. როგორც კი მოხდება მასთან შეხვედრა, დაკავების დეტალებთან დაკავშირებით, შემიძლია, გავაკეთო განცხადება", - თქვა ჯანაშიამ.
„საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმასა და მძევლების აყვანაში ბრალდებული ბადრი ესებუა სამართალდამცველებმა სოფელ ჯიხაშკარში დააკავეს.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით აღიძრა, რაც ტერორისტულ აქტს, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა 2020 წლის 21 ოქტომბერს მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, ყაჩაღური თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა. თავდამსხმელს რამდენიმე საათის განმავლობაში მძევლად ჰყავდა აყვანილი 43 ადამიანი. გამოძიების ინფორმაციით, თავდამსხმელმა ბანკიდან ნახევარი მილიონი დოლარის წაღება შეძლო.