სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ირაკლი ანთაძის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 16 იანვარს საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.
ანთაძის ცნობით, ამჟამად, დე ფაქტო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში საქართველოს 7 მოქალაქე იმყოფება.
ამასთან დაკავშირებით ანთაძემ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული შეხვედრის წინ ისაუბრა. მისი თქმით, შეხვედრაზე მხარეები ბოლო 2 თვის განმავლობაში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებულ ვითარებას განიხილავენ.
"გუშინ გვიან ღამით გააქტიურდა ცხელი ხაზი და გადმოგვეცა ინფორმაცია, რომ საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ იყო დაკავებული კიდევ ერთი ჩვენი თანამოქალაქე, დეტალებს გავარკვევთ დღევანდელ შეხვედრაზე და შეხვედრის შემდეგ ვისაუბრებთ. ამჟამად უკანონო პატიმრობაში იმყოფება ჩვენი 7 მოქალაქე", - თქვა ანთაძემ.