ევროკავშირი რუსეთს დემოკრატიული ღირებულებების საფუძველზე მოდერნიზებისკენ მოუწოდებს.
შესაბამისი განცხადება ევროკავშირ-რუსეთის სამიტის დასრულების შემდეგ, ორგანიზაციის პრეზიდენრმა ჰერმან ვარ რომპეიმ რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევთან ერთობლივად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
"შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტს გადავეცი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა გზავნილი, რომელიც რუსეთის დემოკრატიული ღირებულებების საფუძველზე მოდერნიზებას გულისხმობს", - განმარტა ევროკავშირის პრეზიდენტმა.
ამასთან, ჰერმან ვან რომპეიმ მოსკოვს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეუთოს მისიის დაშვებისკენ მოუწოდა და განმარტა, რომ გადაუჭრელი კონფლიქტები საფრთხეს უქმნიან ევროკავშირსაც და რუსეთსაც.
"ჩვენ გვაქვს გადაუჭრელი, გაჭიანურებული კონფლიქტები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ევროკავშირსაც და რუსეთსაც. ევროკავშირი აქტიურადაა ჩართული ამ კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების პროცესში. ჩვენ შეხვედრაზე მოვუწოდეთ რუსულ მხარეს საქართველოში ეუთოს მისიისა და იმ ძალისხმევის განახლების თაობაზე, რაც უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხების მოგვარებას შეუწყობს ხელს, რა თქმა უნდა, 2008 წლის "ცეცხლის შეწყვეტის შეთანხების" შესაბამისად და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვით", - აღნიშნა ევროკავშირის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირ-რუსეთის სამიტი ბრიუსელში გუშინ გაიმართა. მას რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ესწრებოდა.