ევროპარლამენტმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუცია მიიღო. კენჭისყრაზე რეზოლუციას 608 ევროპარლამენტარიდან 430-მა დაუჭირა მხარი, 52-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 126-მა თავი შეიკავა.
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას მასში შესული ახალი შესწორებებით - საქართველოს მესამე პრეზიდენტზე და "ოცნების" დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილზე. ორივე შესწორების ავტორი ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანია.
"ხაზს ვუსვამთ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ცალკეული ადამიანების პირადი ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის აუცილებლობას, როგორც ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ ერთ-ერთ პრიორიტეტს, რომელიც უნდა განიხილებოდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე; რეკომენდაციას ვუწევთ პირადი ინტერესების, განსაკუთრებით ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის გადაჭარბებული გავლენების საკითხის სისტემურ გადაწყვეტას ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში სტრუქტურული და რეგულატორული რეფორმების გატარების გზით;
ვიმეორებთ მოწოდებას საბჭოსა და დემოკრატიული პარტნიორების მიმართ, მიიღონ შესაბამისი ზომები, მათ შორის პირადი სანქციების დაწესების გზით ივანიშვილისთვის და ყველა იმ პირისთვის, რომელიც ხელს უწყობს დემოკრატიული პოლიტიკური პროცესის გაუარესებას"