ნიუ-იორკის სასამართლომ კომპანია Trump Organization, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ოჯახს ეკუთვნის, საგადასახადო თაღლითობაში დამნაშავედ ცნეს. პროცესს არც ტრამპი და არც მისი ოჯახის წარმომადგენლები არ დასწრებიან მიუხედავად იმისა, რომ ეს ორგანიზაცია მათ უძრავ ქონებას მართავს, მათ შორის სასტუმროებს, გოლფ-კლუბებსა და სხვა ობიექტებს.
ორდღიანი განხილვის შემდეგ ნაფიც მსაჯულებმა განაცხადეს, რომ Trump Organization დამნაშავეა წარდგენილ 17 ბრალში. სასამართლომ დაადგინა, რომ ტრამპის კომპანიის თანამშრომლები 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში არ ადეკლარირებდნენ გარკვეულ შემოსავლებს, რის შედეგადაც მათ გადასახადების მნიშვნელოვანი ოდენობა არ გადაიხადეს.
მთავარი ბრალმდებელი საქმეში იყო Trump Organization-ის ფინანსური დირექტორი ალან ვაისელბერი, რომელმაც დანაშაული აღიარა და ფირმის წინააღმდეგ ჩვენება მისცა. 75 წლის ვაისელბერგმა გამოძიებასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა, რის საფუძველზეც ციხეში 5 თვეზე მეტს არ გაატარებს. მან ასევე 1,7 მილიონი დოლარის არადეკლარირებული შემოსავალი უნდა დააბრუნოს.
განაჩენში აღნიშნულია, რომ ვაისერბერი კომპანიისგან არადეკლარირებულ ძვირიან ავტომობილებს, ავეჯსა და შვებულებისთვის ფულს იღებდა. ფირმა ასევე ფარავდა მისი შვილიშვილის სწავლას კერძო სკოლაში.
აღნიშნულ საქმეზე განაჩენი 13 იანვარს გამოცხადდება, თუმცა არსებობს მოლოდინი, რომ ტრამპის კომპანია 1,6 მილიონი დოლარით დაჯარიმდება. გარდა ამისა, გამამტყუნებელი ვერდიქტის შემდეგ Trump Corporation-ს გაუჭირდება კრედიტების და სხვა დაფინანსების მიღება.
ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სასამართლოს პოლიტიკური მიზეზები ჰქონდა და მას "კუდიანებზე ნადირობა" უწოდა. მანჰეტენის ამჟამინდელი და წინა პროკურორები დემოკრატიულ პარტიას მიეკუთვნებიან - ამავე დროს კი დონალდ ტრამპი კვლავ აპირებს საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის სახელით მონაწილეობის მიღებას.
"ჩვენ ვეყრდნობოდით საბუღალტრო ფირმას, რომელიც იმ დროს ძალიან პატივსაცემ და ძვირადღირებულ ფირმად ითვლებოდა, და იურიდიულ ფირმას. ეს უპრეცედენტო შემთხვევაა და ჩვენი ერის ისტორიაში ყველაზე დიდი პოლიტიკური ნადირობის გაგრძელებაა", - აღნიშნულია ტრამპის განცხადებაში, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ გამოქვეყნდა.