პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზეც წინა ხელისუფლება გააკრიტიკა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მესამე პრეზიდენტი "მიწაზე იყო გართხმული", ხოლო თავდაცვის მინისტრი ბრძოლის ველიდან გაიქცა.
მისი განცხადებით, "ომის პარტია" დღეს ცდილობს საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს "მგრძნობიარე საკითხებით".
"ვუყურებთ რა ბოლო დღეების განმავალობაში ატეხილ აჟიოტაჟს, ყველაზე მგრძნობიარე საკითხზე, ადამიანი გარდაიცვალა, ომში გარდაიცვალა და ამაზე ვიღაც ფარისეველი, მე ასე უნდა ვუწოდო, ყალბი პოლიტიკოსები ცდილობენ გარკვეული პოლიტიკური დივიდენდების მიღებას, ამაზე ამორალური თუ რამე არსებობს. მე მინდა ყველას შევახსენო, რომ ეს ადამიანები, ეს ე.წ. ომის პარტია და გამყიდველების პარტია შეიძლება ასე ითქვას პირდაპირ და რატომ ამას კარგად ავხსნი, დღიდან ომის დაწყებისა უკრაინაში, ცდილობდნენ და ცდილობენ გარკვეული პროვოკაციების მოწყობას, მათი ორგანიზებულია ახლაც, ეს სამწუხაროდ ეს ჩვენი თანამოქალაქეები მიჰყავთ ომის პარტიის წარმომადგენლებს უკრაინაში, მათი არაერთი პროვოკაცია იქნა არიდებული თავიდან ჩვენი მთავრობის მიერ", - თქვა ღარიბაშვილმა.