სასამართლომ ცხრამუხის დედათა მონასტერში მონაზვნის გაუპატიურებისა და დაყაჩაღების საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
25 ნოემბერს, ხაშურში, დედათა მონასტერს უცნობი პირები თავს დაესხნენ - ისინი მონასტრის დაყაჩაღებას ცდილობდნენ, რა დროსაც 70 წლის მონაზონზე ფიზიკურად და სექსუალურად იძალადეს. დაკავებულების ადვოკატის ცნობით, ისინი ბრალს არ აღიარებენ.
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ბრალდებულები 26 ნოემბერს დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი ჯგუფურად, დაზარალებულის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით) და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში (საცხოვრებელ კელიაში) უკანონო შეღწევით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საპატრიარქოს ოფიციალურ განცხადებამდე კრიტიკულ მედიას თავს დაესხა და მონაზონზე ძალადობისთვის ფონის შექმნა დააბრალა მისმა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ. მან Facebook-ზე დაწერა, რომ მომხდარი "ანტიეკლესიური კამპანიის" შედეგია, რომელსაც მისი მტკიცებით, კრიტიკული მედია ეწევა.