სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ საქართველოში დაგეგმილი ისრაელის მოქალაქის მკვლელობის მცდელობა აღკვეთა.
უწყებამ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად პაკისტანისა და ირან-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები დააკავა. ასევე, იდენტიფიცირებული არიან უცხოეთში მყოფი ორგანიზატორები, მათ შორის დადგენილია მკვლელობის სავარაუდო შემკვეთი ირანის მოქალაქის და სხვა მონაწილე პირების ვინაობები, რომელთა მიმართ მიმდინარეობს კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები.
"გამოძიებით დადგენილია, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ საქართველოში გამოიგზავნა ამ ჯგუფში ჩართული პაკისტანის მოქალაქე, რომელსაც დავალებული ჰქონდა საქართველოში ისრაელის მოქალაქის მკვლელობა. საქართველოში ჩამოსვლამდე პაკისტანის მოქალაქეს ჩაუტარდა საჭირო ინსტრუქტაჟი და მიეწოდა ინფორმაცია მკვლელობის ობიექტზე. მოგვიანებით, ხსენებული პირი მესამე ქვეყნის გავლით ჩამოვიდა საქართველოში, სადაც მას დახვდა დაქირავებული ბინა და გადაეცა კონსპირაციული კავშირის საშუალებები". – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
უწყების ცნობით, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ პაკისტანის მოქალაქე მკაცრად იცავდა კონსპირაციის წესებს და ფარულად შეისწავლიდა მკვლელობის ობიექტისა და მისი გადაადგილების მარშრუტებს, მუდმივ კონსპირაციულ კავშირზე იმყოფებოდა უცხოეთში მყოფ შემკვეთთან და იღებდა მისგან მითითებებს, თანხას.
დამატებით დადგინდა, რომ მკვლელობის შემსრულებლისთვის იარაღის ფარულად მიწოდების მიზნით დანაშაულებრივმა ჯგუფმა საქმეში ჩართო საქართველოში მცხოვრები ირან-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებისგან შემდგარი ჯგუფი.
"კვალის დასაფარად პაკისტანისა და ირან-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს შორის პირდაპირი შეხვედრები არ ხორციელდებოდა და ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის გადაცემა ხდებოდა ქალაქში მოწყობილი სამალავების გამოყენებით, რა დროსაც ორივე ჯგუფის მუშაობის კოორდინაცია უცხოეთიდან ხორციელდებოდა". – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
პაკისტანისა და ირან-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირების ჩხრეკების შედეგად ამოღებულ იქნა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, ასევე, კონსპირაციული ტელეფონები, რომლებშიც აღმოჩენილია როგორც მკვლელობის მომზადებისა და სამალავების ადგილმდებარეობის ამსახველი ინფორმაცია, ასევე სხვა მამხილებელი მტკიცებულებები.