ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ 2021 წლის 5 ივლისს მედიისა და სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ ევროკონვენციის 4 მუხლი დაირღვა, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლება და წამების აკრძალვა. გარდა ამისა, საიას განცხადებით, გამოძიება არაეფექტურია და ამ დრომდე დაუსჯელია ყველა ორგანიზატორი, მათ შორის მაღალი თანამდებობის პირები, ვინც ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობა წაახალისა.
„16 მედიის წარმომადგენლის სახელით მივმართეთ ევროსასამართლოს 5 ივლისს საქმეებთან დაკავშირებით. მივმართეთ იქიდან გამომდინარე, რომ ამ დრომდე ჩვენ ვხედავთ, გამოძიება 5 ივლისის საქმეებზე არის არაეფექტური. არაეფექტურია როგორც უშუალოდ მოძალადეების ნაწილში, რომლებიც არ არიან ყველანი დასჯილი, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ იყოს მოძიებული სათანადო და საჭირო მტკიცებულებები, ყველა მოძალადე არ ყოფილა დასჯილი ამ დრომდე და რაც ერთ ერთი ყველაზე საგანგაშოა ისაა, რომ არც ერთი ორგანიზატორი ამ დრომდე სისხლის სამართლის პასუხისგებაში არაა მიცემული მაშინ, როდესაც არაერთი საჯარო და ღია მტკიცებულება არსებობს მათი მხრიდან შესაბამისი დანაშაულების ჩადენისა. პროკურატურა უბრალოდ არაფერს აკეთებს ამ ნაწილში" განაცხადა საიას ხელმძღვანელმა, - ნიკა სიმონიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე.
სიმონიშვილის განცხადებით, არაეფექტურია გამოძიება სახელმწიფოს იმ შესაბამისი თანამდებობის პირების ნაწილშიც, ვისაც ევალებოდა ჟურნალისტებისა და აქტივისტების დაცვა, თუმცა ასე არ მოიქცა და ამ ყველაფერს ჰყავს მსხვერპლი - ლექსო ლაშქარავას სახით.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2021 წლის 05 ივლისს სიძულვილის ჯგუფების მიერ თავდასხმების დროს დაზარალებული მედია წარმომადგენლების (ჟურნალისტები, ოპერატორები, ფოტოგრაფი), კერძოდ, 16 პირის სახელით საჩივარი გააგზავნა. საჩივარში საია დავობს, რომ მათ მიმართ დაირღვა ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება), მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლები.
"ეს არის ღირსების საქმე არამარტო მედიის წარმომადგენლებისთვის, არამედ მთლიანად სამოქალაქო სექტორისა და ქვეყნისთვის. ამიტომ, მივმართეთ ევროსასამართლოს ევროკონვენციის 4 მუხლით გათვალისწინებული უფლების დარღვევასთან დაკავშირებით. მათ შორისაა როგორც გამოხატვის თავისუფლება, ისე წამების აკრძალვა და შესაბამისად გვაქვს იმედი, რომ ამ მუხლებთან დაკავშირებით დადგინდება სტრასბურგის სასამართლოს მიერ დარღვევა”, - განაცხადა საიას ხელმძღვანელმა, ნიკა სიმონიშვილმა.
“საია 1 წლის განმავლობაში აქტიურ კომუნიკაციას აწარმოებდა საგამოძიებო უწყებებთან, როგორც თბილისის პროკურატურასთან, ისე, გენერალურ პროკურატურასა და, ბოლოს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან. საიას მიერ გაგზავნილი 10 განცხადებიდან/საჩივრიდან, პასუხი, მხოლოდ 2-ჯერ იქნა მიღებული, ორივეჯერ მხოლოდ თბილისის პროკურატურისგან. დღევანდელი მოცემულობით, ნათელი ხდება, რომ, მიუხედავად კონკრეტული მოძალადე პირების დასჯისა, სისხლის სამართლის საქმის საპროცესო ხელმძღვანელ უწყებებს არ აქვთ ნებელობა, დასაჯონ ძალადობის ორგანიზატორი პირები, ხოლო, საერთოდ რეაგირების გარეშეა დატოვებული სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხი, რომელსაც ევალებოდა 2021 წლის 05 ივლისს, მათ შორის, ჯეროვნად დაეცვა ჟურნალისტები, რათა მათ ხელშეშლის გარეშე განეხორციელებინათ თავიანთი პროფესიული საქმიანობა. ამ დრომდე უცნობია დაწყებულია თუ არა გამოძიება ტვ „პირველის“ ეთერში 12 ივნისს გასული სიუჟეტის საფუძველზე სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომლების შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების გამო. საია, ასევე, მიიჩნევს, რომ მომჩივანთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების ამსრულებლები, ზოგ შემთხვევაში, საერთოდ არ, ხოლო, ზოგ შემთხვევაში არასრულად არიან გამოვლენილნი. ყველა ამ მოთხოვნით, საიამ ბოლოს საგამოძიებო უწყებებს 2022 წლის 05 ივლისს, როგორც საჯაროდ, ისე, განცხადებითაც მიმართა, თუმცა, არანაირი რეაგირება არ მომხდარა.
ხაზგასასმელია, რომ განსაკუთრებით მწვავედ დგას საკითხი ძალადობის ორგანიზატორების გამოვლენის და დასჯის კუთხით. ძალადობის არც ერთი ორგანიზატორი დაკავებული არ არის. მართალია, გამოძიება, მათ შორის, მიმდინარეობს ძალადობის ორგანიზატორთა მიმართ, თუმცა, მისი მიმდინარეობა ბრალდებულთა ნულოვანი რაოდენობიდან და გამოძიების ფოკუსიდან გამომდინარე, არ არის ყოველმხრივი და სათანადოდ ეფექტიანი. აღსანიშნავია, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 4 აპრილის განაჩენი, რომელიც უნდა ყოფილიყო ბრალდების მხარისთვის ორგანიზატორებისთვის სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების ერთ-ერთი წინაპირობა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ განაჩენით დგინდება, რომ სამართალწარმოებისას გამოკვლეულ მტკიცებულებები ადასტურებდა ივნისის თვეში ,,ალტ ინფო-ს“ მიერ 5 ივლისს განსახორციელებელ მოქმედებებთან დაკავშირებით ერთგვარი გეგმის არსებობას. ჩანაწერის თანახმად, სტუდიაში მიმდინარეობს საუბარი ოთხ პირს შორის, რომლებიც გეგმავენ სამოქალაქო რეაგირების ჯგუფების შექმნას. სიუჟეტში ვითარდება შეხედულება, რომ ძალადობა ასეთ შემთხვევაში დასაშვებია და ძალადობრივი ქმედების განმახორციელებელი პირების მხრიდან სასჯელის მოხდაც პრობლემა არ უნდა იყოს. ამასთან, შს მინისტრი აცხადებდა, რომ გამოძიების სტრატეგია იყო ჯერ ამსრულებლების, ხოლო, შემდეგ ორგანიზატორების გამოვლენა („გამოძიება, პირველ რიგში, შემსრულებლებიდან იწყება, და მერე უნდა აჰყვე ზემოთ.“) თუმცა, მიუხედავად სასამართლოს მიერ 2022 წლის 4 აპრილის განაჩენითაც ორგანიზატორების პასუხისმგებლობის გამოკვეთისა, დღემდე არც ერთი ორგანიზატორი დაკავებული არ არის. საია, ასევე, მიიჩნევს, რომ დაზარალებულებს ხელოვნურად შეეზღუდათ წვდომა გამოძიების მიერ მოპოვებულ მასალებზე ორგანიზატორების ნაწილში, და, ასევე, არ აქვთ იმის ეფექტიანი შესაძლებლობა, რომ იდავონ ორგანიზატორების მიმართ დევნის დაწყებაზე ფაქტობრივი/სამართლებრივი უარის გასაჩივრების თვალსაზრისით.
აღსანიშნავია, რომ 5-6 ივლისის მოვლენების ეფექტიანი გამოძიებისკენ სახელმწიფო უწყებებს მოუწოდა, როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, ისე, ევროპარლამენტმაც. მათ შორის, 2022 წლის 09 ივნისის რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ამგვარი ქმედებების ჩამდენთა დაუსჯელობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს შეწყნარებული, რადგან ეს არღვევს, როგორც საქართველოს ეროვნულ კანონმდებლობას, ისე სახელმწიფოს საერთაშორისო ვალდებულებებს”, - წერია საიას განცხადებაში.