საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თელავის სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა პირს რომელმაც ცოლ-ქმარი გაძარცვა და მოკლა, მათი შვილი კი დააბა და დაემუქრა.
"მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულისთვის, რომელიც თელავის რაიონის სოფელ კონდოლში მდებარე ერთ-ერთ მეცხოველეობის ფერმაში მუშაობდა, ცნობილი გახდა, რომ მასთან ერთად მომუშავე ცოლ-ქმარს 20.000 აშშ დოლარი ჰქონდათ შენახული. 2022 წლის 10 თებერვალს, ბრალდებულმა აღნიშნული თანხის დაუფლების მიზნით, უკანონოდ მოპოვებული გლუვლულიანი იარაღიდან დამიზნებით ესროლა ცოლ-ქმარს, რომლებიც მიყენებული ჭრილობების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალნენ. ასევე, ბრალდებული დაემუქრა გარდაცვლილების არასრულწლოვან შვილს და ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მიზნით, ძალის გამოყენებით დააბა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა". - წერია განცხადებაში.
პროკურატურამ მას ბრალი სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "გ" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში ორი პირისა, ჩადენილი ანგარებით), 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ", მე-3 ნაწილის "დ" და "ე" ქვეპუნქტებით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა სხვა დანაშაულის დაფარვის ან გაადვილების მიზნით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანისა, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით და ასეთის ძალადობის გამოყენების მუქარით), აგრეთვე 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარუდგინა.