მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერის ზურაბ ნოღაიდელის თქმით, ქართული კულტურის კორიფეების რუსეთში ჩასვლაზე სააკაშვილის ხელისუფლებას "ორკესტრირებული რეაქცია" აქვს და ის ცნობილი მოღვაწეების საქართველოს მოღალატეებად შერაცხავაში გამოიხატება.
"ეს სერიალი პაატა ბურჭულაძით დაიწყო და ნანი ბრეგვაძით გაგრძელდა. მოღალატეებად მათი გამოცხადება ცინიზმი და უმსგავსობაა", _ აღნიშნა ნოღაიდელმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
ზურაბ ნოღაიდელი დარწმუნებულია, რომ ეს პროცესი ხელისუფლების დაკვეთით მიმდინარეობს და კატეგორიულად ითხოვს ქართული კულტურის მოღვაწეების შეურაცხყოფისა და ცილისწამების შეწყვეტას.
"ეს არის სააკაშვილის შანსი, შეინარჩუნოს ძალუფლება, რადგან მთელი მისი პოლიტიკა რუსეთთან კონფრონტაციაზეა აგებული", _ აცხადებს ზურაბ ნოღაიდელი.