მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა მომავალ თავისუფალ ბელარუსს აღიქვამდეს როგორც პარტნიორს და მეზობელს და არა როგორც საფრთხეს, - ამის შესახებ ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვიატლანა ციხანოუსკაია სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრი სიბიჰასთან ერთად უკრაინასა და ბელარუსის დემოკრატიულ ძალებს შორის შემდგომი თანამშრომლობის საკითხი განიხილეს.
"დღეს კიევში მქონდა ორმხრივი შეხვედრა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრი სიბიჰასთან, რის შემდეგაც ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა. მადლობა გადავუხადე უკრაინას, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და მინისტრ სიბიჰას მოწვევისთვის.
ეს ჩემი პირველი სამუშაო ვიზიტია უკრაინაში და აქ ვარ იმის ხაზგასასმელად, რომ ბელარუსი ხალხი მხარს უჭერს უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
რეჟიმმა ბელარუსი ჩართო ამ აგრესიაში, თუმცა ლუკაშენკა არის უზურპატორი, რომელიც არ წარმოადგენს ბელარუსებს და მხოლოდ კრემლის ინტერესებს ემსახურება.
ბელარუსი არ არის რუსეთი და ბელარუსი ხალხი არ არის რეჟიმი.
ბელარუსები უკრაინელების გვერდით იდგნენ მაიდანზე და 2014 წლიდან დღემდე ომში იღუპებიან. ათასობით ბელარუსმა ღიად დააფიქსირა პოზიცია ომის წინააღმდეგ, ხოლო ასობით ადამიანი დღესაც ციხეში რჩება უკრაინის მხარდაჭერის გამო.
დღეს განვიხილეთ უკრაინასა და ბელარუსის დემოკრატიულ ძალებს შორის შემდგომი თანამშრომლობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა მომავალ თავისუფალ ბელარუსს აღიქვამდეს როგორც პარტნიორს და მეზობელს და არა როგორც საფრთხეს.
აუცილებელია მეტი ურთიერთნდობა, მეტი კონტაქტი ხალხებს, ექსპერტებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და დემოკრატიულ ინსტიტუტებს შორის. პუტინმა და ლუკაშენკამ ყველაფერი გააკეთეს, რომ ჩვენი ხალხების მეგობრული ურთიერთობები დაეზიანებინათ, თუმცა ჩვენ აუცილებლად აღვადგენთ მათ.
ჩვენი ერები იმსახურებენ მშვიდ, ევროპულ და დემოკრატიულ მომავალს და ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რომ ეს რეალობად იქცეს", - წერს სვიატლანა ციხანოუსკაია.