კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სივრცეში საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი სამსახური ჩამოყალიბდა, შეთქმულთა გუნდი. მათ თავიანთი ფუნქციები აქვთ და ამაში ხელფასს იღებენ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის კითხვა დაუსვეს გამოცემა „ვაშინგტონ ფრი ბიკონის“ მიერ გიორგი კანდელაკის თანაავტორობით მომზადებულ ანგარიშზე დაყრდნობით გამოქვეყნებულ სტატიაზე.
„რა თქმა უნდა, ისინი ფინანსური მხარდაჭერის შესაბამისად მოქმედებენ და „კრეატიულობას“ იჩენენ. ჯო უილსონი ერთი პერიოდი რუსეთის დროშით დადიოდა და სამკერდე ნიშანი ეკეთა, ახლა სხვა ინტერესები აქვს. საქართველოს წინააღმდეგ გალაშქრება გარკვეულ მიზანს ემსახურება. აბა, როგორ შეიძლება, საქართველოს ირანთან მოკავშირეობა დააბრალო? – ჩინეთის თემა აქტუალური აღარ არის, რადგან მასთან ურთიერთობას თავად ესწრაფვიან. ევროკავშირის არაერთი ქვეყნის ლიდერი ჩავიდა ჩინეთში და ეს თემა დღის წესრიგიდან მოიხსნა. დამტკიცდა ისიც, რომ რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში არავინ ეხმარება და ახლა ირანი დარჩათ. ამ ადამიანების მიზანია, ამერიკის ახალი ადმინისტრაცია საქართველოს წინააღმდეგ მომართონ, რადგან ისტერიკაში აგდებთ პერსპექტივა, რომელიც საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობის განვითარებას უწერია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.