საყოველთაოდ ცნობილია, რომ აფხაზეთს საქართველოს ტერიტორიაზე პრეტენზია არ აქვს, იგი არასოდეს დასხმია თავს მეზობელს და არც აპირებს ამის გაკეთებას. აცხადებს აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში საგანგებო განცხადებაში, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ ევროპარლამენტში გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას აკეთებს. ბაღაფში აღნიშნავს, რომ აფხაზურმა მხარემ სააკაშვილის განცხადებებზე კომენტარი უკვე არაერთგზის გააკეთა, თუმცა ხაზს უსვამს, რომ ყოველივე ამის კომენტირება კიდევ ერთხელ მას საჭიროდ მიაჩნია.
"მინდა კვლავ გავიმეორო: მსგავსი დეკლარაციების დაჯერება ქართულ-აფხაზური ურთიერთობებიდან გამომდინარე არსებული ყველასათვის ცნობილი მოვლენების შემდეგ, მასშტაბური საბრძოლო მოქმედებებისა და აფხაზეთის წინააღმდეგ წარმოებული ოპერაციების შემდეგ ჩვენ არ შეგვიძლია.
განსაკუთრებულ ცინიზმად გამოიყურება საქართველოს ხელისუფლების "მშვიდობისმოყვარე" განცხადებები, რომლებიც აფხაზეთის წინააღმდეგ არის მიმართული და ჰუმანიტარული და ეკონომიკური ბლოკადისა და მისი საზღვაო სივრცის დაბლოკვის მცდელობების ფონზე კეთდება", _ აცხადებს ბაღაფში თავის განცხადებაში და დასძენს, რომ - "საქართველოს ხელისუფლების მიერ გაჟღერებული განცხადებები კიდევ ერთხელ გვარწმუნებს ჩვენ, რომ საქართველო არ არის მზად დიალოგის აწარმოოს დამოუკიდებელ აფხაზეთთან, როგორც თანასწორუფლებიან პარტნიორთან და როგორც მეზობელ სახელმწიფოსთან".
თუმცა, ბაღაფშის განცხადების მიხედვით, აფხაზური მხარე ყოველივე ზემოთქმულის მიუხედავად მაინც იტოვებს სუსტს იმედს იმისა, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე საქართველო აფხაზეთთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას გააფორმებს.
"როგორც ცნობილია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე აფხაზეთი თანამიმდევრულად მოითხოვს ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებას. თუმცა ამასთანავე აფხაზეთი მაინც ინარჩუნებს სუსტ იმედს, რომ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებების შემდეგ შესაძლოა ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველოს პოზიციის შესაბამისი კორექტირება მოხდეს.
ამიტომაც გვაქვს იმედი, რომ ჩვენ შევძლებთ და საბოლოო ჯამში იურიდიულად სავალდებულო ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების ხელმოწერამდე მივალთ", _ აცხადებს ბაღაფში და აღნიშნავს - "ხაზს ვუსვამ: აფხაზური მხარე ამ ვალდებულებების თავის თავზე აღებისათვის მზადაა".
ამავე დროს აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი თავის საგანგებო განცხადებაში მიუთითებს, რომ აფხაზეთს საქართველოს ტერიტორიაზე პრეტენზია არ აქვს და ყველასთან კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარება სურს.
"საყოველთაოდ ცნობილია, რომ აფხაზეთს არ აქვს პრეტენზია საქართველოს ტერიტორიაზე, არასოდეს დასხმია თავს თავის მეზობელს და არც აპირებს ამის გაკეთებას. ჩვენ ყველასთან თანასწორუფლებიანი, კეთილმეზობლური და საერთაშორისო ნორმების განსაზღვრული ურთიერთობების აშენება გვსურს.
რა თქმა უნდა ჩვენ გამოვმდინარეობთ იქიდან, რომ რუსეთის ფედერაცია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და ჩვენ უსაფრთხოების გარანტი.
მინდა ოფიციალურად აფხაზეთის რესპუბლიკის სახელით განვაცხადო: აფხაზეთი თავისი ურთიერთობებისას საქართველოსთან მხარს უჭერს ძალის გამოუყენებლობის საყოველთაოდ მიღებულ პრინციპს, როგორც ეს საერთაშორისო სამართლის ნორმებითაა განსაზღვრული", _ წერს ბაღაფში და დასძენს - "ამასთან ერთად, ჩვენს ქვეყანაზე თავდასხმის შემთხვევაში ჩვენ თავდაცვის უფლებას ვიტოვებთ".