საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში გამართულ სიმპოზიუმში მიიღო მონაწილეობა.
შეხვედრაზე, რომელსაც უცხოელი ინვესტორები ესწრებოდნენ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს ჯანსაღ მაკროეკონომიკურ გარემოზე, ხელსაყრელ საინვესტიციო კლიმატზე და მათ დეტალურად გააცნო ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობები.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა მსოფლიოში არსებულ გამოწვევებსა და მაკროეკონომიკურ ტენდენციებზე. კობა გვენეტაძემ მიმოიხილა ის ღონისძიებები, რომლებიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა COVID-19 - ის პანდემიის გამოწვევების საპასუხოდ განახორციელა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო ბაზრებზე არსებულმა ვითარებამ და გლობალურად მზარდმა ინფლაციამ საქართველოს ეკონომიკაზეც იქონია ზეგავლენა. ამასთან, მან ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული რეფორმების შედეგად, ქვეყნის ფინანსური სექტორი წარმატებით უმკლავდება გამოწვევებს.
შეხვედრაზე კობა გვენეტაძემ ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და ეროვნულ ბანკს შორის არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. საუბარი შეეხო აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს მიერ დამტკიცებულ "მხარდამჭერ პროგრამას" (Stand-By Arrangement) და იმ ეკონომიკურ რეფორმებს, რომლებსაც აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს.
"2022 წლის ივნისში საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ საქართველოსთან გრძელვადიანი თანამშრომლობის პროგრამა (Stand-By Arrangement) დაამტკიცა, რომელიც მომდევნო სამი წლის განმავლობაში მხარს დაუჭერს ხელისუფლების ეკონომიკურ პოლიტიკას. პროგრამა პრევენციული ხასიათისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში საქართველო მიიღებს დაახლოებით 210 მილიონ SDR-ს, (სსფ-ის სპეციალურ ნასესხობათა უფლებას, დაახლოებით 289 მილიონი აშშ დოლარს). 2022 წლის სექტემბერში სსფ-ის მისიამ დადებითად შეაფასა უჩვეულოდ მაღალი გაურკვევლობის ფონზე ინფლაციის შენელების მიმართულებით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაწეული საქმიანობა. მისიის დასრულების შემდეგ გამოქვეყნებული პრესრელიზის თანახმად, "სებ-მა გადადგა ნაბიჯები ინფლაციური ზეწოლის შესამსუბუქებლად და ფინანსური სტაბილურობის მხარდასაჭერად". გარდა ამისა, "მისია მიესალმება გაცვლითი კურსის მოქნილობისადმი ხელისუფლების ურყევ ერთგულებას, რაც ბოლო წლებია შოკების მთავარი გამანეიტრალებლის ფუნქციას ასრულებს", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.