სოციალური სამართლიანობის ცენტრმა რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, ალექსანდრ ბანდიუკოვის სახელით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა შსს მიგრაციის დეპარტამენტის წინააღმდეგ. სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი მიგრაციის დეპარტამენტის ალექსანდრ ბანდიუკოვისთვის საქართველოში საერთაშორისო დაცვის სტატუსის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება და მისი ჯანმრთელობის კიდევ უფრო გაუარესებული მდგომარეობის გათვალისწინებით, გაუგრძელდეს საქართველოში ჰუმანიტარული სტატუსი.
ალექსანდრ ბანდიუკოვი არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, რომლიც მისი განმარტებით რუსეთის ფედერაციაში უკანონო და თვითნებური სისხლისსამართლებრივი დევნის ქვეშ იმყოფება. მას, 2020 წელს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო შსს მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოში ჰუმანიტარული სტატუსი მიანიჭა. ერთი წლის გასვლის შემდგომ 2021 წელს, მიგრაციის დეპარტამენტმა ა. ბანდიუკოვს ჰუმანიტარული სტატუსის გაგრძელებაზე დაუსაბუთებელი უარი უთხრა, თუმცა მას შემდეგ, რაც ბანდიუკოვმა მიგრაციის დეპარტამენტს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი ექსპერტიზის დასკვნა წარუდგინა, დეპარტამენტმა სტატუსის გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო. აღსანიშნავია, რომ წინა წელსაც ალექსანდრ ბანდიუკოვის ინტერესებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი იცავდა.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიიჩნევს, რომ შსს მიგრაციის დეპარტამენტის უარი ალექსანდრ ბანდიუკოვისთვის ჰუმანიტარული სტატუსის გაგრძელებაზე დაუსაბუთებელი და თვითნებურია და
იმედს გამოთქვამს, რომ წამებისა და არაადამიანური მოპყრობისა და დასჯის აკრძალვის უფლების იმპერატიული შინაარსის და განსაკუთრებული სტატუსის (jus cogens) გათვალისწინებით, სასამართლო სწორად შეაფასებს არსებულ გარემოებებს და უზრუნველყოფს ალექსანდრ ბანდიუკოვის დარღვეული უფლებების აღდგენას.
მოუწოდებს საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს, როგორც ადამიანის უფლებების პოლიტიკაზე ზედამხედველ კონსტიტუციურ ორგანოს, რადიკალურად გადახედოს რუსეთის ფედერაციასთან სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის პოლიტიკას და სრულად შეაჩეროს ექსტრადიციის პრაქტიკა ამ ქვეყანაში.