საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების ფაქტებზე რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დამნაშავედ ცნო. ბრალდებულს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, ასევე, დაჯარიმდა 200 000 ლარით.
პროკურატურის ინფორმაციით, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ასევე დამანაშავედ იქნა ცნობილი ორი იურიდიული პირი - მათ უვადოდ ჩამოერთვათ ეკონომიკური საქმიანობის უფლება და თითოეულს 200 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრათ.
უწყების ცნობით, მსჯავრდებულმა დაარეგისტრირა ვებგვერდი, რომლითაც ადამიანებს ფულის სანაცვლოდ სასურველი ქვეყნის ბინადრობის, მოქალაქეობის და მართვის მოწმობის კანონიერი გზით მიღებაში დახმარებას სთავაზობდა.
"აღნიშნული სქემით, მსჯავრდებული მოტყუებით დაეუფლა, დაახლოებით, 250 000 აშშ დოლარს. შემდგომში, ფულის გათეთრების მიზნით, მან მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხების მრავალჯერადი ფიქტიური საბანკო ტრანზაქციებით, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინა.
სასამართლო განაჩენით ასევე დადგენილია, რომ ბრალდებულმა, მიუხედავად იმისა, რომ ევალებოდა მისი საწარმოს საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება და ბიუჯეტის წინაშე ანგარიშსწორება, არ შეასრულა საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები და თავი აარიდა 380 000 ლარის ოდენობით გადასახადს". - წერია განცხადებაში.
პროკურატურის ცნობითვე, მსჯავრდებულს სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა: თბილისში, ჟვანიას ქუჩა №88-ში მდებარე №53 საცხოვრებელი ბინა (56.95 კვ.მ.) და ამავე მისამართზე მდებარე სამი ავტოფარეხი - ჯამში 48.56 კვ.მ., ასევე, 188 200 ლარის ღირებულების ავტომანქანები - SUBARU FORESTER და CADILLAC ESCALADE და საბანკო ანგარიშებზე დაყადაღებული 77 000 ლარის ეკვივალენტი უცხოური ვალუტა.
"მოვკვდებით, მაგრამ დავიბრუნებთ ირანს" - ირანში, აქციის მონაწილეებმა პოლიციის განყოფილებებს ცეცხლი წაუკიდეს
"ჩვენ მოვკვდებით, მაგრამ დავიბრუნებთ ირანს", - ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პოლიციის განყოფილებებს სხვადასხვა ქალაქებში, ცეცხლი წაუკიდეს, - ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, პროტესტის მონაწილეები წვავენ მანქანებს და წინააღმდეგობას უწევენ პოლიციას.
ირანის ხელისუფლება შიშობს, რომ საპროტესტო გამოსვლები უფრო სისხლიანი იქნება, ვიდრე 2019 წელს, ბენზინის ფასის გაძვირების გამო დაწყებული გამოსვლები იყო.
ირანში საპროტესტო აქციები ჰიჯაბის ტარების კანონის დარღვევის გამო დაპატიმრებული 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალებას მოჰყვა.
ხელისუფლების ვერსიით, მას გულის პრობლემები ჰქონდა, მაგრამ, ნათესავები ამბობენ, რომ ახალგაზრდა ქალს არანაირი პრობლემა არ ჰქონია და ის პოლიციის მხრიდან ძალადობას ემსხვერპლა.
პროტესტი ირანის 20-ზე მეტმა ქალაქმა მოიცვა, ბოლო ინფორმაციით საპროტესტო აქციაზე მინიმუმ 9 ადამიანი დაიღუპა.
25 სექტემბრის დილის საათებამდე საქართველოში წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22 სექტემბრიდან 25 სექტემბრის დილის საათებამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი და ელჭექი.
მათივე ცნობით, ასევე შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 2-3-ბალიანი ღელვა.
„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია, საქართველოს (განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოს) მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში ღვარცოფული და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში
მზად ვართ, დავაკისროთ ეკონომიკური საფასური რუსეთს და მის მხარდამჭერ კერძო და იურიდიულ პირებს - ურსულა ფონ დერ ლაიენი
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი მიიჩნევს, რომ ევროკომისია მზად არის რუსეთს და იმ კერძო და იურიდიულ პირებს, რომლებიც რუსეთის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, ქვეყანას მხარს უჭერენ ეკონომიკური სანქციები დააკისრონ.
"პრეზიდენტი პუტინი ახლა აჩვენებს თავის სისუსტეს, რადგან რასაც ხედავთ არის, რომ ის ცდილობს ნაკლებად გაწვრთნილი, ნაკლებად გამოცდილი და ნაკლებად მოტივირებული პერსონალის მობილიზებას და მას სურს ფსევდორეფერენდუმების ჩატარება უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე. ამიტომ ვფიქრობ ეს კვლავ მოითხოვს სანქციებს ჩვენი მხრიდან.
ჩვენ მზად ვართ დავაკისროთ შემდგომი ეკონომიკური საფასური რუსეთს და იმ კერძო და იურიდიულ პირებს რუსეთის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, რომლებიც მხარს უჭერენ მას," - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.