დღეს, 12 სექტემბერს, ორსული ცოლის, ქეთა კეპულაძის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებული გოგა გზირიშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.
5 სექტემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე ცნობილი გახდა სასამართლო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით, ორსულ ცოლს გოგა გზირიშვილმა სხეულზე 30 ჭრილობა მიაყენა, რომელთაგანაც უმეტესობა სასიკვდილო იყო.
ბრალდების მხარეს საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი აქვს.
სასამართლო პროცესზე ბრალდებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა გადაისინჯა და ის ძალაში დარჩა.
ცნობისთვის, 22 დეკემბერს, თბილისში, ბრალდებულმა გოგა გზირიშვილმა განზრახ მოკვლის მიზნით, დანით ორსულ მეუღლეს - ქეთა კეპულაძეს განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში 30 ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ორსული კეპულაძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
გზირიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და „ვ" ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გოგა გზირიშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ სრულად ცნობს.