დღეს "საქართველოს სახალხო ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს აღმასრულებელმა თავმჯდომარემ და გენერალურმა დირექტორმა ლადო გურგენიძემ მენეჯმენტის გუნდის ახალი წევრები წარადგინა.
მიმდინარე წლის სექტემბერში "ლიბერთი კაპიტალის" მიერ ბანკის სააქციო კაპიტალის 91.218%-ის შესყიდვის შემდეგ მენეჯმენტს ლადო გურგენიძესთან ერთად 16 წევრი შეემატა.
როგორც დღეს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გამართულ პრესკონფერენციაზე ლადო გურგენიძემ განაცხადა, მენეჯმენტის ახალი გუნდის წევრებს მუშაობის გამოცდილება აქვთ როგორც წამყვან ქართულ, ისე საერთაშორისო ბანკებში.
"მოხარული ვარ, რომ ასეთი შესანიშნავი მმართველი გუნდის შექმნა შევძელით. ბანკში შეიკრიბნენ როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე საერთაშორისო კომპანიებში მუშაობის გამოცდილების მქონე ახალგაზრდა და ჩამოყალიბებული პროფესიონალები. ასევე მიხარია, რომ ბანკში დაგვხვდნენ ნიჭიერი პროფესიონალები, რომლებიც "ლიბერთი კაპიტალის" მიერ ბანკის შესყიდვამდე მუშაობდნენ და ისინი კვლავ ინარჩუნებენ საკუთარ თანამდებობებს. ჩვენ ყველას საერთო ხედვა და სტრატეგიული მიზნები გვაქვს, რაც ბანკის რესტრუქტურიზაციას ბევრად უფრო ეფექტურს გახდის. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ მომუშავე მენეჯმენტის 37 წევრს შევატყობინეთ, რომ ისინი შეძლებენ 2010 წლის იანვრიდან მონაწილეობა მიიღონ თანამშრომელთა აქციებით კომპენსაციის გეგმაში, მას შემდეგ, რაც მოხდება გეგმის აქციონერთა კრების მიერ დამტკიცება. ჯამში ბანკის სააქციო კაპიტალის დაახლოებით 8%, აქციონერთა კრების მიერ დამტკიცების შემთხვევაში, მიენიჭება მენეჯმენტის ამ გუნდს", _ განაცხადა ლადო გურგენიძემ.