ასე უცებ დაგვაბრუნეს 90-იანი წლების დასაწყისში, სადაც მხოლოდ ერთი სახელმძღვანელო იყო და სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა ამ სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი ან პედაგოგიკის ცოდნა, - ამის შესახებ “თავისუფლების მოედნის” ერთ-ერთი ლიდერი, სიმონ ჯანაშია „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
"სკოლებში სწავლა იწყება 15 სექტემბერს. სახელმძღვანელოები შეცვალეს პირველ, მეშვიდე და მეცხრე კლასებში, მაგრამ ისინი მასწავლებლებს ჯერ ნანახი არ აქვთ. მხოლოდ გუშინ, 12 სექტემბერს დადეს სახელმძღვანელოები ონლაინ და ისიც მხოლოდ მათი პირველი ნაწილი.
აი, ვინც ასე გეგმავს და ახორციელებს "რეფორმას", წარმოდგენა არ აქვს რას ნიშნავს მასწავლებლობა, რას ნიშნავს რესურსების შერჩევა, სახელმძღვანელოების გამოყენება და ა.შ.
სამარცხვინოა ტყუილი, რომ თურმე ნაწილ-ნაწილ იმიტომ კი არ აქვეყნებენ, რომ ეს პროცესი ასე დაგვიანებულია, არამედ თურმე მოსწავლეებს რომ ჩანთები შეუმსუბუქონ, აი ამიტომ.
ცალკე საკითხია ის, რომ აწი ამ კლასებში აღარ იარსებებს ალტერნატიული სახელმძღვანელოები, აღარ ეკითხებიან არაფერს გამომცემლობებს, არავინ იცის როგორ შეირჩნენ სახელმძღვანელოების ავტორები...
თუმცა როგორ არ ვიცით, ისტორიის სახელმძღვანელოების მთავარი ავტორები გიორგი სოსიაშვილი, ოცნების დეპუტატი, გიორგი კალანდია - ოცნების პროპაგანდისტი, თსუს რექტორი და პროფესორები არიან, რომლებიც ოცნების პოლიტიკაზე არაფერს საჯაროდ კრიტიკულად არ ამბობენ. არადა განათლების მიმართულება დაუხურა ოცნებამ თსუ-ს, რომელიც ჯერ კიდევ დიმიტრი უზნაძის პერიოდიდან ფუნქციონირებს.
ასე უცებ დაგვაბრუნეს 90-იანი წლების დასაწყისში, სადაც მხოლოდ ერთი სახელმძღვანელო იყო და სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა ამ სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი ან პედაგოგიკის ცოდნა. ეს ის დროა, როდესაც მასწავლებელსაც რეალურად არც არაფრად აგდებენ, როცა უნდათ მაშინ აძლევენ სახელმძღვანელოებს და თან სადღეგრძელოებით ელაპარაკებიან მათ გმირობასა და პატრიოტიზმზე", - წერს ჯანაშია.