შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 10 პირი დააკავა, მათგან 4 ნარკორეალიზატორია. გამოძიების ინფორმაციით, მათი ნაწილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.
დანაშაულები 5-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
პოლიციამ დაკავებულების მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცების სახით ამოიღო, ასევე ამოღებულია ნარკოტიკის უკანონო გასაღების შედეგად მიღებული ფული.
ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ასევე ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები მათ შორის 1 კილოგრამზე მეტი ჰეროინი, სუბოქსინი, ალფა პვპ, 45 შეკვრად დაფასოებული მეტადონი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით კოკაინი და მეტადონი.