რუს ტურისტებს შესაძლოა აეკრძალოთ ესტონეთში, ლიეტუვაში, ლატვიაში, პოლონეთსა და ფინეთში შესვლა, თუ ევროკავშირი არ დააწესებს ერთიან აკრძალვას, - აცხადებს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი.
"მე ვესაუბრე ყველა ამ ქვეყნის მინისტრებს და ვერ ვხედავ ბევრ განსხვავებას პოლიტიკურად", - განუცხადა ლანდსბერგისმა ვილნიუსში ჟურნალისტებს.
ლანდსბერგისის თქმით, რუსებს არ უნდა მიეცეთ ევროკავშირში შესვლის უფლება, სანამ მათი ქვეყანა "გენოციდს ახორციელებს".
მისივე თქმით, რუსებისთვის ვიზების გაცემის აკრძალვისას, რომლის განხილვასაც ხუთი ქვეყნის მინისტრები მომავალ ორშაბათს გეგმავენ, გამოყენებულ უნდა იქნას საერთო ზომები, რათა აკრძალვა შეეხოთ ტურისტებს, დისიდენტებს კი შესვლის საშუალება ჰქონდეთ.
შეგახსენებთ, ამ თვის დასაწყისში, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა დასავლეთს დაეწესებინა რუსებისთვის სამოგზაურო აკრძალვა.
22 აგვისტოს, რუსებისთვის ვიზების სრული აკრძალვის ინიციატივას არ დაეთანხმა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელი.
მანამდე რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების აკრძალვის წინააღმდეგ გამოვიდნენ, პორტუგალია, საბერძნეთი და კვიპროსი. ვიზების აკრძალვას ასევე არ ეთანხმებიან გერმანია, საფრანგეთი, ნიდერლანდები, უნგრეთი.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამკაცრების საკითხს 31 აგვისტოს პრაღაში განიხილავენ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოვიდა გაფრთხილებით, რომ მოსკოვი უპასუხებს ევროკავშირის ქვეყნებს, თუ სავიზო შეზღუდვები იქნება მიღებული ცალკეული ქვეყნების ან მთელი გაერთიანების დონეზე. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ევროპელი პოლიტიკოსები ნაციზმსა და რუსოფობიაში დაადანაშაულა.