ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელი ეწინააღმდეგება იდეას რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზის გაცემის სრული აკრძალვის თაობაზე.
Bloomberg-ის ცნობით, ამის შესახებ ბორელმა ესპანეთში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"[ევროკავშირში] შესვლის აკრძალვა ყველა რუსისთვის არ არის საუკეთესო იდეა. ჩვენ უფრო შერჩევითი უნდა ვიყოთ", - თქვა ბორელმა.
ევროკავშირის უმაღლესი რანგის დიპლომატის თქმით, ბლოკმა არ უნდა გაუღოს კარი ოლიგარქებს, მაგრამ "არის ძალიან ბევრი რუსი, ვისაც სურს ქვეყნიდან გაქცევა, რადგან მათ არ სურთ ასეთ ვითარებაში ცხოვრება".
ბორელმა თქვა, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე მიიღო სავიზო აკრძალვების სერია, რომელსაც ევროკავშირის სხვა ქვეყნები არ უჭერენ მხარს და აღნიშნა, რომ უმჯობესი იქნება, თუ ამას ჯერ ევროკავშირის დონეზე განიხილავენ.
მანამდე რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების აკრძალვის წინააღმდეგ გამოვიდნენ, პორტუგალია, საბერძნეთი და კვიპროსი.
ბერლინი ასევე არ ეთანხმება რუსებისთვის ევროპის საზღვრების ჩაკეტვას. გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ "ეს პუტინის ომია და არა რუსი ხალხის". მან აღნიშნა, რომ ბევრმა ადამიანმა დატოვა რუსეთი კრემლის პოლიტიკასთან შეუთანხმებლობის გამო. გერმანიის პოზიციას მხარი დაუჭირეს საფრანგეთმა და ნიდერლანდებმა.
ვიზების აკრძალვის ინიციატივას სხვადასხვა მასშტაბით უჭერენ მხარს ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, ჩეხეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ფინეთი, ბელგია, პოლონეთი და დანია.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოვიდა გაფრთხილებით, რომ მოსკოვი უპასუხებს ევროკავშირის ქვეყნებს, თუ სავიზო შეზღუდვები იქნება მიღებული ცალკეული ქვეყნების ან მთელი გაერთიანების დონეზე. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ევროპელი პოლიტიკოსები ნაციზმსა და რუსოფობიაში დაადანაშაულა.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამკაცრების საკითხს 31 აგვისტოს პრაღაში განიხილავენ.