პორტუგალიის ხელისუფლება მხარს არ უჭერს რუსებისთვის შენგენის ვიზების გაცემის აკრძალვის იდეას, - განუცხადა პორტუგალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა გაზეთ Eco-ს.
უწყება აღნიშნავს, რომ ევროპული სანქციების მიზანია ზიანი მიაყენოს "რუსულ სამხედრო მანქანას" და არა რუს ხალხს.
ამავდროულად, ლისაბონი აპირებს, მონაწილეობა მიიღოს რუსეთის წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვების განხილვაში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე პრაღაში 30-31 აგვისტოს. პორტუგალიის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ეს ხელს შეუწყობს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებას.
მანამდე რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების აკრძალვის წინააღმდეგ გამოვიდნენ საბერძნეთი და კვიპროსი.
ბერლინი ასევე არ ეთანხმება რუსებისთვის ევროპის საზღვრების ჩაკეტვას. გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ "ეს პუტინის ომია და არა რუსი ხალხის". მან აღნიშნა, რომ ბევრმა ადამიანმა დატოვა რუსეთი კრემლის პოლიტიკასთან შეუთანხმებლობის გამო. გერმანიის პოზიციას მხარი დაუჭირეს საფრანგეთმა და ნიდერლანდებმა.
ვიზების აკრძალვის ინიციატივას სხვადასხვა მასშტაბით უჭერენ მხარს ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, ჩეხეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ფინეთი, ბელგია, პოლონეთი და დანია.
ევროკომისია სრული აკრძალვის დაწესებას ევროკავშირის დონეზე შეუძლებლად მიიჩნევს, თუმცა დასძენს, რომ წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ ასეთი აკრძალვების დაწესება ეროვნულ დონეზე.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოვიდა გაფრთხილებით, რომ მოსკოვი უპასუხებს ევროკავშირის ქვეყნებს, თუ სავიზო შეზღუდვები იქნება მიღებული ცალკეული ქვეყნების ან მთელი გაერთიანების დონეზე. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ევროპელი პოლიტიკოსები ნაციზმსა და რუსოფობიაში დაადანაშაულა.