აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოებია და ჩვენთვის ეს საკითხი დახურულია. აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის თაობაზე, რომ ეუთოს სამიტზე მუშაობის დროს "ჩვენი დასავლელი პარტნიორები ცდილობდნენ საქმე წარმოედგინათ ისე, თითქოს სამხრეთ ოსური და აფხაზური პრობლემები კვლავინდებურად საქართველოს პრობლემებია".
"ჩვენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა მხოლოდ მას შემდეგ ვაღიარეთ რაც დავრწმუნდით, რომ ეს არის არა მხოლოდ ამ ტერიტორიების უსაფრთხოების დაცვის ერთადერთი საშუალება, არამედ აქ მაცხოვრებელი აფხაზი და სამხრეთოსი ხალხის გადარჩენის ერთადერთი გამოსავალიც", _ აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და აღნიშნავს, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემები საქართველოს პრობლემები უკვე აღარ არის.
"მაშინ როდესაც მოლაპარაკებებისა და ეუთოს სამიტის შემაჯამებელ დოკუმენტებზე მუშაობის დროს ასტანაში ჩვენი დასავლელი პარტნიორები ცდილობენ საქმე წარმოადგინონ ისე, თუთქოს სამხრეთ ოსური და აფხაზური პრობლემები კვლავინდებურად საქართველოს პრობლემებია, ჩვენ ამას ვერაფრით ვერ მივიღებთ, ჩვენთვის ეს საკითხი დახურულია. ეს დამოუკიდებელი სახელმწიფოებია", _ აცხადებს სერგეი ლავროვი.
შეგახსენებთ, რომ ასტანის ეუთოს სამიტი მთავარი პოლიტიკური დოკუმენტის მიღების გარეშე დასრულდა, რომელიც კონფლიქტების მოწესრიგების შესახებ სამოქმედო გეგმის მიღებას ისახავდა მიზნად. დოკუმენტის მიღება რუსეთის პოზიციის გამო ვერ მოხერხდა.