საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული რ.ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, მეზობლად მცხოვრებ – 1991 წელს დაბადებულ ი.ა.-ს დანის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
პოლიციამ რ.ბ., ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, – აცხადებენ შსს-ში.