სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ, "მთავარი არხის" ყოფილ ტელეწამყვანს, ლაშა ნაკაიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება სასამართლომ ცოტა ხნის წინ მიიღო.
აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე მსჯელობა, ბრალდების მხარის მოთხოვნით, დახურულ ფორმატში გაიმართა, რასაც ბრალდებულიც დაითანხმა.
როგორც ცნობილია, ლაშა ნაკაიძე ბრალს არ აღიარებს.
პოლიციამ ნაკაიძე 16 აგვისტოს დააკავა.
საქართველოს პროკურატურამ ლაშა ნაკაიძეს ბრალდება გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით გაუპატიურების, ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის წარუდგინა.
გამოძიების ინფორმაციით, 15 აგვისტოს, ნაკაიძემ გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, შურისძიების ნიადაგზე დანის და ხმოვანი პისტოლეტის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ა.პ.-ს, ასევე სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმით და მჩხვლეტავი საგნის ზემოქმედებით ფიზიკურად იძალადა მასზე. აღნიშნულის შემდგომ, ბრალდებულმა ძალადობით და ძალადობის მუქარით სექსუალურად იძალადა დაზარალებულზე.
პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება), 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა) და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა ოჯახის წევრის მიმართ) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.