გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ლაგოდეხის ნაკრძალში სკოლის ექსკურსიაზე დაღუპული სოფი ნიკოლეიშვილის დამრიგებელი დამნაშავედ ცნო.
ამავდროულად, სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო ამავე საქმეზე ბრალდებული სპორტის მასწავლებელი.
საქმე ეხება 2019 წლის 26 მაისს, სასკოლო ექსკურსიაზე ლაგოდეხის ნაკრძალში ნინოსხევის ჩანჩქერზე 16 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტს.
"რამდენიმე წუთის წინ გურჯაანის სასამართლომ (მოსამართლე ნანა ჩალათაშვილი) გამოაცხადა გადაწყვეტილება სოფის საქმეზე, წარდგენილი ბრალი იყო 220-ე მუხლის მეორე ნაწილი, გულგრილობა, რომელმაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია:
სპორტი მასწავლებელი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ. (ისეთი სიხარულის ღრიალი მორთო გული შემიწუხდა, ალბათ ამიერიდან უფრო ბედნიერად გააგრძელებს მუშაობას იმავე სკოლაში, აბა ჰე აბა ჰო)
დამრიგებელი ცნობილი იქნა დამნაშავედ, და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა სამი წლით, რომელიც განესაზღვრა პირობითი სასჯელით.
მინიმუმ ის მაინც დაამტკიცა ბავშვიკმა, რომ მიუხედავად სკოლის ადმინისტრაციის უსინდისო მტკიცებისა, სოფის ბრალი ნამდვილად არ ყოფილა ექსკურსიაზე წასული უკან მკვდარი რომ ჩამოვასვენეთ", - წერს სოფი ნიკოლეიშვილის და სალომე ბარკერი სოციალურ ქსელში.
არასახელმწიფო საერო სკოლა "ალბიონი"-ს პედაგოგებს ნ.ს.-ს და ვ.ქ.-ს ბრალდება წარდგენილი ჰქონდათ გულგრილობის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
2019 წლის 26 მაისს, სკოლის დირექტორის მიერ გამოცემული ბრძანების საფუძველზე, სკოლა "ალბიონის" XI2 კლასის მოსწავლეები, აღმზრდელის ნ.ს-ს ხელმძღვანელობით და სხვა პედაგოგების შემადგენლობით, სკოლის კუთვნილი მიკროავტობუსით გაემართნენ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურგენიანში მდებარე ნაკრძალში, "ნინოსხევის ჩანჩქერის" მოსანახულებლად. სკოლის დირექტორის ბრძანების მიხედვით, ექსკურსიის ორგანიზება და მასზე პასუხისმგებლობა დაევალა ნ.ს-ს.
დანიშნულების ადგილზე ჩასვლისას, პედაგოგებისთვის, მათ შორის ნ.ს-სთვის და ვ.ქ.-სთვის ცნობილი გახდა, რომ მეტეოროლოგიური პირობების გამო მდინარე იყო ადიდებული, სწრაფი დინებით გამოირჩეოდა და ჩანჩქერზე არსებობდა სახიფათო მდგომარეობა. პედაგოგებისთვის ასევე ცნობილი იყო, რომ მოსწავლე სოფი ნიკოლეიშვილი აპირებდა საბანაოდ ჩანჩქერში შესვლას.
მიუხედავად ამისა, ნ.ს. მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა, გამოიჩინა გულგრილობა და მოსწავლეებს ნება დართო სვლა გაეგრძელებინათ "ნინოსხევის" ჩანჩქერის მიმართულებით, თავად კი ჩანჩქერზე არ ავიდა, ხოლო პედაგოგმა ვ.ქ.-მ ნაკრძალის რეინჯერის უშუალო გაფრთხილების მიუხედავად, რომ საფრთხე არსებობდა, იმ საფუძვლით, რომ კარგად იცნობდა მიმდებარე ტერიტორიას და არაერთხელ იყო ნამყოფი, თავად აიღო პასუხისმგებლობა გაძღოლოდა მოსწავლეთა ჯგუფს და აეყვანა ჩანჩქერზე.
ჩანჩქერზე ასვლის შემდეგ, პედაგოგების მიერ გამოჩენილი გულგრილობის და წინდახედულობის ნორმების უგულებელყოფის შედეგად უმეთვალყურეოდ დარჩენილი სოფიო ნიკოლეიშვილი ჩანჩქერის სწრაფ დინებაში შევიდა და ვეღარ მოახერხა ნაპირზე დაბრუნება, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.