აფხაზეთში დისლოცირებული რუსული საოკუპაციო ჯარის სამხედრო მოსამსახურეები ზამთრის დადგომასთან დაკავშირებით საცხოვრებლად ყაზარმებში გადაიყვანეს.
"აფხაზეთში (გუდაუთაში) მე-7 რუსული სამხედრო ბაზის სამხედროები ცეცხლის კვამლისა და ნედლი შეშის სუნიანი კარვებიდან ახალ, მოდულის ტიპის ყაზარმებში გადავიდნენ", _ წერს აფხაზური მედია და აღნიშნავს, რომ რუსი სამხედროები კარვებში 2008 წლიდან იმყოფებოდნენ.
"ყაზარმებში ლოგინების გარდა არის კარადები და მაგიდები. ოფიცრებისთვის კი ყაზარმებში კანცელარიაა გათვალისწინებული", _ იუწყება აფხაზური მხარე და დასძენს, რომ ბაზის ტერიტორიაზე ასევე აშენებულია საბრძოლო მანქანების სადგომი, სადაც გადაყვანილია ტექნიკა.
"სამხედრო ტექნიკის სპეციალურ სადგომზე გადაყვანა ასაფრენი ბილიკის გათავისუფლებას და მის დანიშნულებისამებრ გამოყენებას შეუწყობს ხელს", _ იუწყება აფხაზური მხარე.