22 წლის დავით ჯიჯეშვილი, ცხვარიჭამიაში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, პოლიციამ 29 ივლისს დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 28 ივლისს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში დაზიანება მიაყენა 24 წლის მირიან კუკავას და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მირიან კუკავა მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
პროკურატურამ სოფელ ცხვარიჭამიაში მომხდარი განზრახ მკვლელობის და ხულიგნობის ფაქტზე 1 პირს (დავით ჯიჯეიშვილს), ხოლო გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების, დანაშაულის შეუტყობინებლობის და ხულიგნობის ფაქტებზე 7 პირს ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურამ დავით ჯიჯეიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლთ (განზრახ მკვლელობა) და 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით (ხულიგნობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დანის გამოყენებით) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ხუთ პირს ბრალდება 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (ხულიგნობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ორ პირს ბრალდება 370-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცრუ ინფორმაციის მიწოდება) და 376-ე მუხლის პირველი ნაწილით (მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.