შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, მიმდინარე წლის 28 ივლისს ცხვარიჭამიაში მომხდარი, 2002 წელს დაბადებული მირიან ლუკავას მკვლელობის ფაქტის გამოძიების ფარგლებში, ხულიგნობის, ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 7 პირი დააკავეს.
პოლიციამ დაადგინა მკვლელობის ჩამდენი პირის ვინაობა. მიმდინარეობს აქტიური ოპერატიული საგამოძიებო ღონისძიებები მისი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით.
მკვლელობა გუშინ, 28 ივლისს, დაბადების დღის წვეულებაზე მოხდა. მოკლულს, სავარაუდოდ, გულის არეში ჰქონდა მიყენებული ჭრილობა.
განზრახ მკვლელობის, ხულიგნობის, ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 239-ე, 370-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს.