თბილისში, იმერეთში, სამეგრელოში, გურიასა და აჭარაში 12 პირი დააკავეს, ხოლო 6 პირს ბრალი წარედგინა, - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობისა და მითვისების ფაქტებზე დაკავებული არიან: 1997 წელს დაბადებული თ.თ., 1987 წელს დაბადებული ა.ჩ., წარსულში ნასამართლევი 1976 წელს დაბადებული კ.დ., 1997 წელს დაბადებული ა.ფ., 1997 წელს დაბადებული ი.ჩ., წარსულში ნასამართლევი 1995 წელს დაბადებული ა.ს., 1992 წელს დაბადებული შ.შ., 1985 წელს დაბადებული გ.გ., წარსულში ნასამართლევი 1984 წელს დაბადებული უ.ბ., 1995 წელს დაბადებული ხ.კ., 1994 წელს დაბადებული ზ.ხ. და წარსულში ნასამართლევი 1996 წელს დაბადებული პ.მ. ამავე ფაქტზე ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ: 1988 წელს დაბადებული ც.ნ., 1978 წელს დაბადებული თ.ქ., 1991 წელს დაბადებული თ.ჩ., 1972 წელს დაბადებული ქ.თ., 1984 წელს დაბადებული ი.თ. და 1990 წელს დაბადებული მ.თ.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, წინასწარი შეთანხმებით, ერთმანეთზე გააფორმეს ლიზინგის ხელშეკრულებები, შეცდომაში შეიყვანეს სალიზინგო კომპანიის წარმომადგენლები, შემდეგ კი არც ერთი გადახდა არ განუხორციელებიათ კომპანიის მიმართ და არც მანქანები დაუბრუნებიათ სალიზინგო კომპანიისთვის. ბრალდებულები, დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ 20-მდე ავტომანქანას, სალიზინგო კომპანიას კი 200 000 ლარამდე მატერიალური ზიანი მიაყენეს“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
გამოძიება მიმდინარეობს საქათველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობას და მითვისებას, რამაც დიდ ოდენობით ზიანი გამოიწვია.
დანაშაული 4-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.