შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების ოპერატიული მთავარი სამმართველოს და საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი პირი დააკავეს.
1999 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ნ.ვ. დაკავებულია გენდერის ნიშნით ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ასევე, გენდერის ნიშნით ოჯახის წევრისა და ორი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ხოლო 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ჯ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის არის დაკავებული.
გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.ვ.-მ მიმდინარე წლის 19 ივლისს, ფონიჭალის დასახლებაში, დედა - 1983 წელს დაბადებული ლ.გ. და მისი ნაცნობი მამაკაცი - 1968 წელს დაბადებული რ. მ. დანით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მიყენებული ჭრილობების შედეგად, რ.მ. საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო ლ.გ.-ს შესაბამისი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება გაეწია.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ნ.ვ. მომხდარიდან მალევე მივიდა თავის მეგობართან - გ.ჯ.-სთან და ჩადენილი დანაშაულის შესახებ უამბო, თუმცა მან აღნიშნული ფაქტი პოლიციას არ შეატყობინა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის სსკ-ის 109-ე მუხლის „თ“ პუნქტით, 11 პრიმა 19-109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „ლ“ პუნქტებით, ასევე, სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გენდერის ნიშნით ჩადენილ განზრახ მკვლელობას, გენდერის ნიშნით ოჯახის წევრისა და ორი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას, აგრეთვე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.