სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის, სოსო გოგაშვილის ცოლი თეა მარტყოფლიშვილი აცხადებს, რომ მისი ქმარი ვაჟკაცი, გმირი და პოლიტპატიმარია. ამის შესახებ მარტყოფლიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
"ეგენი არიან რუსი ოცნების პროკურორები და რუსი ოცნება ყველანაირად ცდილობს დახუროს სასამართლო პროცესი, რათა საზოგადოებამ არ გაიგოს სიმართლე. სოსო გოგაშვილმა როცა თქვა, რომ ვამხელ, ესე იგი, იქნება მხილებული, ის არის ვაჟკაცი, გმირი და პოლიტპატიმარი, რომლისაც ძალიან ეშინოდათ", - თქვა თეა მარტყოფლიშვილმა.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, თბილის საქალაქო სასამართლომ სოსო გოგაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. წინასასამართლო სხდომა საქმეზე 8 სექტემბერს ჩაინიშნა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა იოსებ გოგაშვილი 16 ივლისს, საკუთარ სახლში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.