თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილე სოსო გოგაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
დაცვის მხარე ბრალდებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.
სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. წინასასამართლო სხდომა საქმეზე 8 სექტემბერს ჩაინიშნა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა იოსებ გოგაშვილი 16 ივლისს, საკუთარ სახლში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.