სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის ყოფილ მოადგილეს სოსო გოგაშვილს სამი მუხლით წარედგინა ბრალდება.
როგორც მისმა ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ განმარტა, მას ბრალდება წარუდგინეს პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვების, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო შეძენა-შენახვის მუხლებით.
"პირველი ეპიზოდი გახლავთ პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება და პერსონალური მონაცემების უკანონოდ შენახვა. როგორც ბრალდებაშია მითითებული, ეს შეეხება 2015-2018 წლებში სოსო გოგაშვილის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობის პერიოდს და თითქოს მას ხელი მიუწვდებოდა როგორც სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციაზე, ასევე პერსონალურ ინფორმაციაზე. როგორც დადგენალებაშია, მას ედავებიან, 2021 წლის თებერვლის თვეში გავრცელდა ორ პირთან მიმართებაში პერსონალური მონაცემები და სწორედ ეს გახლავთ ერთ-ერთი ეპიზოდი. ჯერჯერობით ჩემთვის უცნობია, რომელი ორი პიროვნების პერსონალური მონაცემის გავრცელებაზეა საუბარი, საქმის მასალები არ გადმომცემია ჯერ. ალბათ დღეს მოგვიანებით საქმის მასალებსაც ავიღებ.
მეორე ეპიზოდი გახლავთ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება. ესეც შეეხება 2015-2018 წლებში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას და ასევე პირად და პერსონალურ მონაცემებს, თითქოს ეს მონაცემები უკანონოდ გამოიტანა სოსო გოგაშვილმა სამსახურიდან. მაგრამ თუ ეს მონაცემები იყო სახელმწიფო საიდუმლოება, კითხვის ნიშანი ჩნდება, მაშინ რატომ იყო უკანონო. იმედია, საქმის მასალებს რომ გავეცნობი, ცოტა ნათელი მოეფინება ამ საკითხს.
მესამე ეპიზოდი არის იარაღების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდება და აქაც ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება. კერძოდ, ხუთი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან. ამ ხუთი იარაღიდან ორი სწორედ ის იარაღებია, რაზეც სოსო გოგაშვილის ოჯახის წევრები და ნათესავები მიუთითებენ, რომ მოხდა ამ იარაღების ჩადება, ხოლო სამი ცეცხლსასროლი იარაღი ეკუთვნის მის დაცვის თანამშრომლებს, გაფორმებულია და რეგისტრირებულია მის დაცვის თანამშრომლებზე, ინახებოდა სოსო გოგაშვილის სახლში, ანუ დაცვის სამსახურის თანამშრომლების სამსახურში. სამი იარაღი, რომელიც გაფორმებულია დაცვის თანამშრომლებზე, რატომ არის უკანონოდ შეძენა-შენახვა, გაუგებარია.
ჯერ საქმის მასალებს არ ვიცნობ, კონკრეტულად რა ინფორმაციებია და თავადაც ვერ ხვდება, რა ინფორმაციაზეა საუბარი. ვფიქრობ, რადგან ბრალდებაშია გაჟღერებული პერსონალური მონაცემები, ასევე სახელმწიფო საიდუმლოების ამსახველი ინფორმაცია, დიდი ალბათობით, პრაქტიკიდან გამომდინარე მოხდება საქმის გასაიდუმლოება და დიდი ალბათობით, ადვოკატებს გაგვაფრთხილებენ, რომ საჯარო არ გახდეს მტკიცებულებები. წერია მოწმეთა ჩვენებები, მაგრამ არ არის მითითებული, რომელი მოწმის ჩვენება ადასტურებს ამ ბრალდებას. არ ვიცით არც ჩვენ, ადვოკტებმა და არც სოსო გოგაშვილმა, 2021 წლის თებერვალში რა ისეთი ინფორმაცია გავრცელდა, მითუმეტეს, რომელიც შეეხებოდა ორი პირის პერსონალურ მონაცემს და რა კავშირი აქვს ამ მონაცემის გავრცელებასთან იოსებ გოგაშვილს“, – განაცხადა სოსო გოგაშვილის ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ.
სოსო გოგაშვილი 16 ივლისს, გამთენიისას სპეცოპერაციით დააკავეს.