სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინასწარი დაკავების იზოლატორში ადვოკატმა დიმიტრი ღონღაძემ მოინახულა ამ უწყების ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი.
ღონღაძის თქმით, გოგაშვილს აქვს გარკვეული გეგმა და ეტაპობრივად დაიწყებს იმ ინფორმაციის გასაჯაროებას, რომელსაც დაკავებამდე აანონსებდა.
მისივე თქმით, 2021 წლის არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას 25 ივლისამდე გაავრცელებს, შემდეგ კი ეტაპობრივად გამოაქვეყნებს სხვა დოკუმენტებს, რომლებიც ხელისუფლების სხვადასხვა შტოს მხილებას ემსახურება.
"გვქონდა ჩვენ საუბარი დამატებით და მის მიერ იქნა გაცხადებული, რომ იგი ფლობს ინფორმაციას, მას აქვს გარკვეული გეგმა და ნელ-ნელა ეტაპობრივად გააჟღერებს. ეს ინფორმაციები არ შეეხება მარტო არჩევნებს, მისი განმარტებით, ის მოახდენს ხელისუფლების ყველა შტოს მხილებას", - თქვა დიმიტრი ღონღაძემ.
გუშინ, 16 ივლისს გოგაშვილის კიდევ ერთმა ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ განაცხადა, რომ დოკუმენტები, რომლის გასაჯაროებასაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი გეგმავს, საზღვარგარეთ, სანდო ადამიანის ხელშია.
სოსო გოგაშვილი 16 ივლისს, დილის საათებში, საკუთარ სახლში დააკავეს. ახლა ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. მოელიან, რომ მას ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ.