სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის შვილები აცხადებენ, რომ მათი მამა პოლიტიკური პატიმარია. აღნიშნულის თაობაზე ნიკა და ნინო გოგაშვილებმა "მთავარ არხთან" საუბრისას განაცხადეს.
ნიკა გოგაშვილის მტკიცებით, მამამისს სამართალდამცავებმა იარაღები და დოკუმენტაცია "ჩაუდეს".
"მამაჩემი დღეს არის პოლიტიკური პატიმარი. თუკი ამათმა ის გაბედეს და ის მოახერხეს, რომ ფლეშკები ჩაუდეს მამაჩემს, იარაღები, მატერიალური დოკუმენტაცია რაღაც საბუთების, დაბრალება გაუჭირდებოდათ, რომ გოგაშვილია დამნაშავე და გოგაშვილმა მოკლა? ეს ხომ წარმოუდგენელია, არალოგიკურია", - ამბობს ნიკა გოგაშვილი.
მისივე თქმით, "ხელისუფლებას სისხლში აქვს გამჯდარი საქმის შეკერვები".
"ეზოში როცა დააგდეს მამაჩემი, მაშინვე დაიყვირა სოსომ, ბავშვი ხომ არ გგონივარ, გაწიე ხელი, რაზე მადებინებ ხელსო. იარაღზე დაადებინეს ხელი, როგორც აქვთ ეს სისხლში გამჯდარი საქმის შეკერვები, ისევე შეუკერეს მამაჩემსაც. სახლიდან როცა მიდიოდა, მამაჩემმა მითხრა, ნუ გეშინიათ, შემართებით იყავით. არჩევნების თემაზე ყველა დიპლომატიურ კორპუსს აქვს ინფორმაცია და მე რომ სულ 10 წელი მომიწიოს ჯდომა, ისინი მაინც იმოქმედებენ და თავის გასაკეთებელს იზამენ... ნებისმიერთან მოვლენ, ვინც ოდნავ მაინც გაბედავთ და პროტესტს გამოხატავთ ნებისმიერ თემაზე", - ამბობს ნიკა გოგაშვილი.
სოსო გოგაშვილი 16 ივლისს, დილის საათებში, საკუთარ სახლში დააკავეს. ახლა ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. მოელიან, რომ მას ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ.