სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი წინასწარი დაკავების იზოლატორში ადვოკატებმა მოინახულეს.
გოგაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ერთ-ერთმა ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ მედიასთან კომენტარი გააკეთა. ჩინჩალაძის განცხადებით, დოკუმენტები, რომლის გასაჯაროებასაც გოგაშვილი გეგმავდა, დღის სინათლეს აუცილებლად იხილავს.
მისივე თქმით, ეს დოკუმენტები არჩევნების გაყალბების საკითხს ნათელს მოჰფენს.
"როგორც ბატონი სოსო გოგაშვილი აცხადებს, მისი დაკავება უკავშირდება ბოლო პერიოდში მის მიერ წამოწყებულ საქმიანობას და ეს საქმიანობა ეხება არჩევნების გაყალბების საკითხებს. როგორც თვითონ აცხადებს, ის მუშაობდა ამ თემაზე და კონკრეტულ სქემებზე და აღნიშნული დოკუმენტის საჯაროდ გამოტანას აპირებდა რამოდენიმე დღის განმავლობაში და როგორც თვითონ აცხადებს, ეს დოკუმენტი დღის სინათლეს მაინც იხილავს. არის საზღვარგარეთ, არის სანდო ხელში და აპირებს რამოდენიმე დღეში მის გასაჯაროებას.
ვიზუალური დაკვირვებითაც ეტყობა, რომ სახის არე მარჯვენა მხარე აქვს შეშუპებული და წელის არეში წიხლებით მოხდა ფიზიკური დაზიანებების მიყენება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ როდესაც სოსო გოგაშვილს ჰქონდა ხელები შეკრული უკანა მხარეს, გაშლილ ხელებზე მას უდებდნენ კონკრეტულ იარაღს, სავარაუდოდ, ანაბეჭდებისა და დნმ-ის გადატანის მიზნით",- ამბობს ადვოკატი, რამაზ ჩინჩალაძე", - თქვა ადვოკატმა.
სოსო გოგაშვილი 16 ივლისს, დილის საათებში, საკუთარ სახლში დააკავეს. ახლა ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.