სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სოსო გოგაშვილის დაკავებაზე პირველი კომენტარი გაკეთდა.
მედიისთვის მიცემულ კომენტარში, სუს-ი აცხადებს, რომ გოგაშვილი არა ახალ, არამედ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავეს.
"მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა ჩხრეკის ოპერაცია მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე და არა ახალ საქმეზე. ჩხრეკის შედეგად გარდაუვალი გახდა მისი დაკავება", - ნათქვამია სუს-ის კომენტარში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი გვიან ღამით დააკავეს.
სოსო გოგაშვილის დაკავების შემდეგ, ჩხრეკა ჩატარდა გონიოში, გოგაშვილის შვილის, ნინი გოგაშვილის სახლში. ასევე, თბილისში, ცაგარელის ქუჩაზე მდებარე ბინაში, სადაც მისი მეორე შვილი ნიკა გოგაშვილი ცხოვრობს. პოლიციამ გაჩხრიკა გოგაშვილის მძღოლის სახლიც, ასევე სასტუმრო სიღნაღში.
ჩხრეკისას სამართალდამცველებმა მობილური ტელეფონები, კომპიუტერები, მეხსიერების ბარათები და სხვა ელექტრონული მოწყობილობები ამოიღეს.