სოსო გოგაშვილის შვილი, ნიკა გოგაშვილი ამბობს, რომ დიპლომატიურ კორპუსს აქვს ყველა ის მასალა, რის გასაჯაროებასაც სუს-ის ყოფილი უფროსის მოადგილე აპირებდა.
"დიპლომატიურ კორპუსს აქვს ყველაფერი თავიდან ბოლომდე, რასაც სოსო აანონსებდა, ევროკავშირისას და ამერიკისას. დალუქეს ტელეფონები, წაიღეს პლანშეტები, ელექტრო მოწყობილობები რა რის. ვინჩესტერებს ეძებდნენ და რაღაც ქაღალდებს. კამერებს აზიანებდნენ გარეთ, რატომ არ ვიცი", - თქვა ნიკა გოგაშვილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი გვიან ღამით დააკავეს.
სოსო გოგაშვილის დაკავების შემდეგ, ჩხრეკა ჩატარდა გონიოში, გოგაშვილის შვილის, ნინი გოგაშვილის სახლში. ასევე, თბილისში, ცაგარელის ქუჩაზე მდებარე ბინაში, სადაც მისი მეორე შვილი ნიკა გოგაშვილი ცხოვრობს. პოლიციამ გაჩხრიკა გოგაშვილის მძღოლის სახლიც, ასევე სასტუმრო სიღნაღში.
ჩხრეკისას სამართალდამცველებმა მობილური ტელეფონები, კომპიუტერები, მეხსიერების ბარათები და სხვა ელექტრონული მოწყობილობები ამოიღეს.