შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, კახეთის საოლქო პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ჯ.ლ. დააკავეს. მას ბრალი განსაცდელში მიტოვებასა და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევაში ედება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელიც სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, მიმდინარე წლის 27 ივნისს, ღამით, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოში მსუბუქი ავტომობილით შეეჯახა ქვეითად მოსიარულე თანასოფლელს - 1975 წელს დაბადებულ ა.ჭ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, დაზიანებების შედეგად ა.ჭ. იმავე ღამეს გარდაიცვალა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 128-ე და 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განსაცდელში მიტოვებას და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.