"ანტირუსული სანქციების მიზანი იყო არა მხოლოდ ეკონომიკაზე დარტყმა, არამედ ჩვენი საზოგადოების დემორალიზება, მაგრამ ამ მიზანს დასავლეთმა ვერ მიაღწია", - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი.
"რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული უკანონო ზომები გვიქმნის სირთულეებს. ეს აშკარა ფაქტია. მაგრამ არა ისეთს, რასაც რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური ბლიცკრიგის ინიციატორები იმედოვნებდნენ", - განაცხადა პუტინმა სახელმწიფო სათათბიროს ფრაქციის ლიდერებთან შეხვედრაზე.
"ცხადია, ისინი ცდილობდნენ არა მხოლოდ რუსეთის ეკონომიკისთვის ძირის გამოთხრას. მათი მიზანი იყო ჩვენს საზოგადოებაში უთანხმოების, დაბნეულობის დათესვა, ხალხის დემორალიზება, მაგრამ აქაც არასწორად გათვალეს", - დასძინა პუტინმა.
პუტინის მტკიცებით, "დასავლეთის მცდელობა, თავისი დღის წესრიგი მოახვიოს მსოფლიოს, მარცხისთვისაა განწირული".
ამავდროულად, უკრაინაში ომის გამჩაღებელმა პუტინმა დასავლეთი დაადანაშაულა იმაში, რაც ახლა უკრაინაში ხდება.
"გვეუბნებიან, რომ ომი დავიწყეთ დონბასში, უკრაინაში. არა. ის გააჩაღა იმავე კოლექტიურმა დასავლეთმა, რომელმაც მოაწყო და მხარი დაუჭირა ანტიკონსტიტუციურ შეიარაღებულ გადატრიალებას უკრაინაში 2014 წელს. შემდეგომ ამას დაერთო დონბასში ხალხის წინააღმდეგ გენოციდის წახალისება და გამართლება. სწორედ კოლექტიური დასავლეთია პირდაპირი წამქეზებელი და დამნაშავე იმაში, რაც დღეს ხდება", - თქვა პუტინმა.