რუსეთი უკრაინაში ხელისუფლების შეცვლას კვლავ თავის ამოცანად მიიჩნევს. ასეთ დასკვნამდე მივიდა ამერიკული ანალიტიკური ცენტრი, ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW).
ამ კონტექსტში, ანალიტიკური ცენტრის ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის ნიკოლაი პატრუშევის ბოლოდროინდელ განცხადებებზე, რომელიც გამსჭვალულია პუტინის მიერ თავდაპირველად გაცხადებული მიზნების სულისკვეთებით.
როგორც ცნობილია, უკრაინაში შეჭრის პირველ დღეებში, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი "სამხედრო ოპერაციის“" მიზნებად "უკრაინის ტერიტორიის დემილიტარიზაციას, დენაციფიკაციასა და ქვეყნის ნეიტრალურ სტატუსს ასახელებდა".
"პატრუშევის სიტყვები მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის ხელისუფლება არ შემოიფარგლება მხოლოდ დონეცკსა და ლუჰანსკში წარმატებებით და კრემლი ემზადება ხანგრძლივი ომისთვის, რათა დაიპყროს უკრაინის გაცილებით დიდი ნაწილი", - წერენ ISW-ის ექსპერტები.
5 ივლისს რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა, რომ დასავლეთის მიერ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარების მიუხედავად, რუსეთი მაინც მიაღწევს უკრაინაში თავის მიზნებს.
პატრუშევმა კრემლის მიზნებად დაასახელა "უკრაინის ნეონაცისტური რეჟიმისგან ხალხის დაცვა, დემილიტარიზაცია, დენაციფიკაცია და კონსტიტუციით განმტკიცებული ნეიტრალური სტატუსი".