საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ხელახალი, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების შედეგად, ყოფილი მსჯავრდებულების ვასილ დავითაიასა და გრიგოლ წაქაძის მიმართ გამამართლებელი განაჩენები დადგა.
საქართველოს შს სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვასილ დავითაია 2004 წელს გასამართლებული იქნა სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით, მოხელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულებისა და მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით.
იმჟამინდელი გამოძიება ვასილ დავითაიას ედავებოდა, შსს მატერიალურ - ტექნიკური და ფინანსური დეპარტამენტის კუთვნილი სპეცსახსრების ანგარიშიდან (შვიდი ეპიზოდი), 100 456 ლარის უსაფუძვლოდ ჩამოწერას.
2004 წლის 24 ნოემბერს ვასილ დავითაიას და საქართველოს გენერალურ პროკურატურას შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება სასჯელზე გარიგებით, ბრალის აღიარების გარეშე, რაც დამტკიცდა საქართველოს უზენაესი სასამარლოს 2004 წლის 24 დეკემბრის განაჩენით. ვასილ დავითაია დამნაშავედ იქნა ცნობილი წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 162 დღიური ანაზღაურებით 50 ლარის ოდენობით, სულ 8140 ლარი.
ახალი გამოძიების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ვასილ დავითაიას მიმართ გამოძიება წარიმართა ტენდენციურად და არ მომხდარა ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა, შესაბამისად ხელახალი გამოძიების შედეგად გამოირიცხა ვასილ დავითაიას მხრიდან რაიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი. ასევე დადასტურდა, რომ ანგარიშვალდებულ პირებზე (შვიდი ეპიზოდი) ფულადი თანხები გაიცა მიზნობრივად, კერძოდ: კრიმინალისტიკური ექსპერტიზისთვის საჭირო ინვენტარის შესაძენად, უცხოური დელეგაციების წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის, შს სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმის ბაზის შეკეთება-აღდგენისთვის და ა.შ
რაც შეეხება ყოფილი მსჯავრდებულის, გრიგოლ წაქაძის მიმართ არსებულ სისხლის სამართლის საქმეს, იგი 2008 წელს გასამართლებული იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაუფლებისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და „გ“ ქვეპუნქტებითა (ძვ.რედ.) და 362-ე მუხლის 2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
გამოძიება გრიგოლ წაქაძეს ედავებოდა, რომ მან სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება გააფორმა არასრულწლოვან ც.ხ.-ს მშობლებთან მ.ხ.-სა და ჯ.ხ.-თან, რომლებსაც თანხა ასესხა, სესხის უზრუნველყოფის მიზნით კი, იპოთეკით დაიტვირთა ც.ხ.-ს კუთვნილი საცხოვრებელი სახლი. გამოძიების მიხედვით, ხელშეკრულებაში თითქოს მ.ხ.-სა და ჯ.ხ.-გან მალულად, ვალდებულების შესრულების ვადა - 6 თვე გადაკეთებული იქნა 2 თვედ, რა ვადაშიც მოვალეებმა ვალდებულება ვერ შეასრულეს. საბოლოდ, ნოტარიუს მ.გ.-ს, მაკლერების გ.ჟ.-ს, ნ.ლ.-ს და ლ.კ.-ს, ასევე გრიგოლ წაქაძის დანაშაულებრივი ქმედებით, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ყალბი ჩანაწერის საფუძველზე, გრიგოლ წაქაძე ც.ხ.-ს კუთვნილი 50 000 ლარად ღირებული საცხოვრებელი სახლის მესაკუთრე გახდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 14 მარტის განაჩენით, გრიგოლ წაქაძე დამნაშავედ იქნა ცნობილი წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
ახალი გამოძიების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებებით კი დადასტურდა, რომ სანოტარო აქტში, ხელშეკრულების შესრულების ვადათ ,,2 თვე“ მოვალეთა თანხმობით ჩაიწერა, ხელშეკრულება საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მიზნით თავად მოვალემ მ.ხ-მ წარადგინა. ასევე დადასტურდა სესხის დამატებითი გარანტიის მიზნით, მის მიერ ქონებაზე მინდობილობის გაცემის ფაქტი და ის გარემოება, რომ გრიგოლ წაქაძემ სამოქალაქო დავის წარმოება დაიწყო არა ხელშეკრულებაში მითითებული ვადის ამოწურვისთანავე, არამედ 8 თვის შემდეგ, რამაც ფაქტობრივად გამორიცხა თაღლითობის რაიმე განზრახვა. შესაბამისად ხელახალი გამოძიების შედეგად გრიგოლ წაქაძის მხრიდან რაიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი გამოირიცხა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ ვასილ დავითაიას და გრიგოლ წაქაძის მიმართ გამოტანილი იქნა დადგენილებები მსჯავრდებულების უფლებების არსებითად დარღვევის თაობაზე და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, მათ მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის მოთხოვნით საქმეები თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებში წარიმართა.
2022 წლის 23 და 30 ივნისს ვასილ დავითაიას და გრიგოლ წაქაძის მიმართ თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებმა გამამართლებელი განაჩენები დაადგინეს.
დეპარტამენტის შექმნიდან დღემდე დაზარალებულად იქნა ცნობილი 453 პირი, რომელთაგან 322 პირს პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაუბრუნდა ან/და დაბრუნების პროცესშია დაახლოებით 60 000 000 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება. გარდა ამისა, დეპარტამენტის მიერ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით, სასამართლოს 114 მსჯავრდებულის საქმეზე მიემართა. დღეის მდგომარეობით, სასამართლოს გადაწყვეტილებით 94 პირის მიმართ უკვე დამდგარია გამამართლებელი განაჩენი, მათგან 30 პირს საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით მინიჭებული აქვს პოლიტპატიმრის სტატუსი.